კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი, რომლის გამოყენებაზეც გერმანიაში უარი თქვეს, ახლა საქართველოში, ჩხობაძის სახელობის კლინიკაშია. საერთაშორისო პარტნიორებიდან ვალად აღებული 180 მილიონი დოლარიდან ჯანდაცვის სამინისტრომ გამოყო მხოლოდ 100 000 $, რომ ქუთაისში ინფიცირებული პაციენტების გამოსაკვლევად კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი შეეძინა. რატომ იყიდეს მეორადი აპარატი, როცა კლინიკაში მასზე უკეთესი სხვა არაფერი არსებობს, ეკატერინე ტიკარაძის მოადგილეს პასუხი არ აქვს.
რატომ მაინცდამაინც ძველი და არა ახალი "კატე" კვლევის აპარატი, ამ კითხვაზე პასუხი, არც იმ კლინიკის დირექტორს აქვს, ვისთვისაც შეიძინეს. კლინიკაში ეს მოწყობილობა ბოლო 3 თვე ხელუხლებლად იდო. მისი გამოყენება მხოლოდ 10 დღეა, დაიწყეს, ანუ მას შემდეგ, რაც გარდაცვალების ფაქტებმა რეგიონში მნიშნვნელოვნად მოიმატა. ამის შემდეგ დანადგარისთვის 3 ოპერატორი და 4 ექიმი გადაამზადეს.
კიდევ უფრო უცნაურად გამოიყურება 88 ათას დოლარად შეძენილი აპლიკაცია მობილური ტელეფონისთვის. მას, წესით, უნდა ვიყენებდეთ და ვიგებდეთ, როგორ ვებრძოლოთ COVID 19-ს, თუ დავინფიცირდით, თუმცა მოქალაქეებს არც ამის შესახებ გაუგიათ და არც არავის აუხსნია, როგორ აითვისონ ძვირადღირებული სერვისი. დამატებით 50 ათასი დოლარი იხარჯება თვითიზოლაციის პლატფორმის კონსულტაციებში, რომელიც აგვიხსნის, როგორ უნდა ვიმოქმედოთ, მაშინ, როდესაც სავარაუდო ინფიცირების გამო თვითიზოლაციაში გადავალთ.
სასუნთქ რესპირატორებში მხოლოდ 710 000 დოლარის დახარჯვას აპირებენ მაშინ, როდესაც მოლაპარაკებები 1,5 დოლარის მოტოციკლეტებზე მიმდინარეობს, ამის ფონზე კი, აუქმებენ სასწრაფო დახმარების მანქანების, მინიბასების შესყიდვას.
საჯარო დოკუმენტებით ირკვევა, რომ შევიძინეთ ნერწყვის მოსაგროვებელი კონტეინერები, რომელიც ჯერჯერობით არსად ჩანს. ეს პატარა მოწყობილობა სასწრაფოს ექიმებს დაეხმარებოდა, რომ პაციენტთან არ დაეგვიანათ, თავი ინფიცირებისგან დაეცვათ და კლინიკებთან არ ყოფილიყო საათობით რიგები. შეძენილი თუ ჯერ კიდევ მოლაპარაკებების პროცესში მყოფი მოწყობილობებისა და ტექნიკის ხელშეკრულებები საჯარო არაა. ეს ყველაფერი პირიქით უნდა იყოს, რა თქმა უნდა, თუ დასამალი ჯანდაცვის სამინისტროს არაფერი აქვს.
მსოფლიო და აზიის ინფრასტრუქტურის განვითარების ბანკებიდან ჯამში პანდემიის პირობებში საქართველომ 180 მლნ დოლარი ისესხა. ეს თანხა მომავალი თაობების გადასახდელია, თუმცა ხელისუფლება, ამ ფულს ისე ხარჯავს, როგორც საკუთრებას. ხელშეკრულებები საჯარო არაა, რაც ბუნებრივად აჩენს ეჭვებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო შესყიდვებს ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, კორუფციული გზებით აფორმებს. პანდემიის სახელით ჩინოვნიკები და მათთან დაახლოებული კომპანიები მილიონობით ლარს კვლავ შოულობენ და ეს ყველაფერი როგორც ყოველთვის ისევ და ისევ ღარიბი მოსახლეობის ხარჯზე.