პოლიტიკური ოპონენტების გარდა, ხელისუფლება რეპრესიებზე გადადის ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების მიმართაც - გორში ამბობენ, რომ სოციალურად დაუცველთათვის დახმარების შეწყვეტა "ქართული ოცნების" ვერტიკალთან დაახლოებულ პირს, ყოფილ გუბერნატორსა და ამჟამად უკვე მეათე მოწვევის პარლამენტის წევრს გიორგი ხოჯევანიშვილს უკავშირდება.
ერთერთი ქალბატონი ციალა მერებაშვილი, რომელიც სოფელ ბერბუკში ცხოვრობს, ირწმუნება, რომ მას სოციალური დახმარება მხოლოდ იმიტომ შეუწყვიტეს, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება აქვს და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ღიად მხარდაჭერას არ ერიდებოდა.
ოპოზიციის მტკიცებით, ციალა მერებაშვილი არ არის ერთადერთი, ვინც ხელისუფლებისგან რეპრესიების მსხვერპლია. ნაციონალური მოძრაობის წევრი ბექა ქორჩილავა ამბობს, რომ "ოცნებამ" არჩევნებში გამარჯვება გაიფორმა და რეპრესიებზე გადავიდა. ქორჩილავა ამაში ხოჯევანიშვილს ადანაშაულებს.
რაც შეეხება თავად გიორგი ხოჯევანიშვილს, ამ ბრალდებებთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს "მორიგი სიცრუე" და "მთავარი არხის" მიერ დადგმული სცენარია.