ბიძინას დეპუტატფონდი-მოგზაურობა ერთპარტიული "დემოკრატიის" სამოთხეში

გამოქვეყნდა:

ბატონმა ბიძინამ მთელი თავისი დეპუტატფონდი მოაბილიზა. ამათგან აირჩევენ პარლამენტის თავმჯდომარესაც, მოადგილეებსაც, კომიტეტების თავმჯდომარეებსაც, მოადგილეებსაც, ფრაქციის თავმჯდომარესაც, მოადგილეებსაც. უმრავლესობის თავმჯდომარესაც, მოადგილეებსაც. კი გამოვა 90 თანამდებობა. და თუ ვინმეს არ ეყო, იმას ოპოზიციას დაარქმევენ და დარბაზში მარცხნივ გადასვამენ. ჰოდა მერე ოპოზიციის კვოტები იქნება გასაყოფი - ფრაქციები, უმცირესობები, ვიცე-სპიკერობები... მოკლედ, მთელი ქვეყანა ქოცი და ქოცისა იქნება.

თანამდებობებს, კაბინეტებსა და დაბურულშუშებიან მანქანებს რომ დაირიგებენ, იქნებ ცოტა ფიქრის დროც გამოძებნონ. არა, ქოცს დიდ ფიქრს ვერ მოვთხოვთ... მაგრამ ვიკიპედიაში ჩახედვა რომ ვთხოვოთ, ეგ მაინც ხომ შეიძლება? იქ უკვე გამზადებულია ერთპარტიული სახელმწიფოების სია და ნებისმიერს შეუძლია შეადაროს. 

ზაჰრავის დემოკრატიული რესპუბლიკა - საჰარის ის ქვიშაა, რომლის 80%-ს ოკუპანტი მაროკო აკონტროლებს. იმ ქვიშაზე არჩევნები 26 წელია არ ჩატარებულა, ვინმეს თუ აქვს თვალი რაიმე პოლიტიკურზე, პოლიცია იმ თვალს გამოსთხრის. მოკლედ, იქაც ერთი თვალთხარია კაცია. რომელსაც სახელი დემოკრატიული ანეკდოტად უფრო აქვს მიკერებული.

ერითრეა- ეგეც აფრიკაშია, ოღონდ მეორე მხარეს. ერითრეას პარლამენტში 150 წევრია. ჩვენსავით. მაგრამ იქ აშკარად შემდეგ ეტაპზე არიან გადასულები - რაკი პატრონი და მომკითხავი არავინ ჰყავთ, აღარც არჩევნებს ატარებენ და აღარც პარლამენტი შეკრებილა 2002 წლის შემდეგ. 

ლაოსი- ერთპარტიული ქვეყნების სიაში ეს ლამაზი ქვეყანაცაა. განა რა არის გასაკვირი - სადაც 2020 წელს კიდევ ნამგალი და უროა, ან ვოლგა გაზ 24, იქ ნებისმიერ ჭირს უნდა ელოდო. ლაოსის პარლამენტიც 150-წევრიანია და ხმის მიცემისას იქაც გასაოცარი დემოკრატიის რიცხვები ჯდება - 99% პრემიერის ასარჩევად...

ჩრდილოეთ კორეა სულაც არაა ერთპარტიული, მმართველის გარდა, ორი სხვა პარტიაცაა ნომინალურად შეტენილი.

მოდი და ნუ დაუჯერებ ვენესუელურ იმედს, როცა გეუბნება, არჩევნები შედგაო. მერე რა, რომ მაგ არჩევნებისა და საკონსტიტუციო ასამბლეის პარლამენტობისა, მადუროს გარდა, არავის სჯერა. ისევე, როგორც თავად მადუროს პრეზიდენტობისა...

ვიეტნამის პარლამენტსაც ერთპარტიულს უწოდებენ და რა, მერე? ვიეტნამი კი გეხსომებათ, ბორის გრიგორიჩ, რემბო "პერვაია კროვ" რომ გამოვიდა თქვენს ჯეელობაში და "ზვიოზდოჩკა", ყველაფრის წამალი.. ჰო, აი ეგენი, ისევ კომუნისტებად დარჩნენ. მაგრამ ერთპარტიული პარლამენტის გახსნით სესიაზე დასავლეთის ელჩებსაც პატიჟებენ და ისინიც მიდიან. და განა წამოსცდებათ, გაყალბებული იყოო...

ჯეელობიდან კუბაც გემახსოვრებათ. ყოველმიზეზგარეშე.... თქვენ კი დიდად დაწინაურდით მას შემდეგ, მაგრამ ის ქვეყანა ისევ იქაა - რევოლუციასა და შიმშილში. მიუხედავად იმისა, რომ თქვენცა და დასავლური დემოკრატიის ყველა სხვა მამასაც დიდ ფორას მოგცემდათ თუნდაც კვოტირების საკითხში - იქაურ ერთპარტიულ პარლამენტში ქალებს 49% აქვთ...

ჩინეთი თუ იცითო, არ გაკადრებთ. ისიც გაგონილი გექნებათ, ერთპარტიული სისტემააო. ნურას უკაცრავად, როგორც ის კაცი იტყოდა თქვენი ღამის კოშმარებიდან. ჩინეთის სამიათასკაციან პარლამენტში, კომუნისტურთან ერთად, 8 სხვა პარტიაა. პროცენტულად ბევრი არაფერი, მაგრამ...

ჩინეთი ცალკე ცივილიზაციაა, ბორის გრიგორიჩ, თქვენი მენცარობით იქნებ ვერც ამოხსნათ. ამიტომ იმ ჯამაჰირიისთვის, აქ რომ აშენებთ, უფრო ახლობელი მაგალითები გამოგადგებათ. აი, მეორე გროგირიჩს პარლამენტში 6 პარტია ჰყავს. 

ბოლოსდაბოლოს, ორივე გრიგორიჩს მასწავლებელი ერთი გყავთ. მამაცა და მარჩენალიც. და ახლა კარგად დაიმახსოვრეთ, როგორ უნდა მოაკეტინოთ დეგნანებსა და ჰარცელებს, ძალიან რომ გამოგიჭედავენ ყურებს ლექციებით დემოკრატიის უპირატესობებზე
ამ მამა-მარჩენალსაც (პუტინი) კი პარლამენტში 4 პარტია უზის. ტაშისკვრას ერთმანეთს ასწრებენ, მაგრამ რაოდენობაში ხომ ეთვლება?

თურქმენეთის 125-კაციან პარლამენტში მმართველ პარტიას სულ 55 ადგილი აქვს. 11-11 იქაურ მრეწველებსა და აგრარიკოსებს, 48 კი დამოუკიდებელი დეპუტატია. დამოუკიდებელი! როგორც თქვენი ანზორ ბოლქვაძეა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი