"მექნება გავლენა და სხვაზე უფრო მეტი" - ეს ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2013 წელს, პრეზიდენტ მარგველაშვილის არჩევის დროს თქვა, როცა მას ჰკითხეს, ექნებოდა თუ არა ერთგვარი გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ. 

დღეს კი ასეა: 

ჩაიჯიბა ხეები, შემორაგა ზღვა, მიიტაცა მდელოები და  მიიერთა ცაც კი - ამიტომ  ვისღა უნდა გაუკვირდეს, რომ მისი ჯიბის ხურდაა სასამართლო, მისი მანტია მოსხმული მანქურთებიანა,  საპარლამენტო ქვეყანაში - და ერთპარტიულ ბოსტნად შემოღობილი 90 საგორიალო სკამი, რომელსაც იქით გადაისვრის სადაც მოუნდება; გაიჯიბა ადგილობრივი თვითმმართველობები, გააპარტახა პრეზიდენტის ინსტიტუტი და გარს შემოგვისვა ყველა, ვინც უპირობოდ და მხოლოდ მას უქნეს თავს:

  • 1. ყოფილ პრემიერ-მინისტრებს, გიორგი კვირიკაშვილსა და ახლანდელ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, წარსულში ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში, სს „ქართუ ბანკში“ და „ფონდ ქართუში“, წამყვანი პოზიციები ეკავათ.
  • 2. მათ გარდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს, წარსულში წამყვანი თანამდებობები ეკავა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ მთელ რიგ კომპანიებში.
  • 3. მათ არ ჩამორჩება ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, რომელიც ყოფილი მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის მსგავსად, წარსულში ასევე უცნაურად, ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში იყოს დასაქმებული.
  • 4. რა გასაკვირია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, წარსულში ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსად მუშაობდა. ოლიგარქის დაცვაში მუშაობდა, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძეც.
  • 5. ყოფილი გენერალური პროკურორი და ამჟამად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, შალვა თადუმაძე, ივანიშვილის პირადი იურისტი იყო.
  • 6. მსოფლიო პანდემიის პირობებში, საქართველოს  ჯანდაცვის მინისტრია, მისი ოჯახის პირადი სტომატოლოგი ეკატერინე ტიკარაძე. ყოფილი მინისტრისა და ახლა უკვე ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატის დავით სერგეენკოს მსგავსად, ბიძინა ივანიშვილის მშობლიური მუნიციპალიტეტის, საჩხერის, მრავალპროფილური საავადმყოფოს დირექტორი იყო, რომელსაც რა გასაკვირია,  ივანიშვილის „ფონდი ქართუ“ აფინანსებს.
  • 7.ეკონომიკისა და ფინანსთა ყოფილი მინისტრი და ყოფილი ვიცე პრემიერი ბღუჯა-ბღუჯა ბატონი, დიმიტრი ქუმსიშვილი, ბიძინა ივანიშვილის კომპანიის სს „ქართუ ბანკის“ დირექტორი იყო.

სახელმწიფოს მიტაცებაც, ხომ ესაა, რომ პირადი სარგებლისთვის, პოლიტიკურ კორუფციაში ჩართო ყველა, ვინც გადაწყვეტილების მიღმა მხოლოდ ფორმალურად დგას, სინამდვილეში კი, შენი ხეირისთვის ირჯება.

ამ ელიტურ კორუფციაზე, რომელიც „სერიოზული გამოწვევაა საქართველოსთვის „ ევროპის პარლამენტის რეზოლუციაში, ჯერ კიდევ 2018 წელს იყო საუბარი.

...ჯერ კიდევ 2018 წლის 16 ოქტომბერს, საერთაშორისო ორგანიზაცია გამჭირვალობის სათავო ოფისმა თქვა, რომ „სახელმწიფოს მიტაცების მზარდი ნიშნებია საქართველოში“. და ეს მზარდი დამახინჯება ინსტიტუტებისა დღეს უკვე უზარმაზარია.... უკვე 2020 წელს კი, ყველაფერ იმას, რისი “შემოქმედიც” შუშის სასახლის ბინადარი ივანიშვილია, თავი მოუყარა „გამჭირვალობა საქართველომ“ და დაადგინა, რომ სახელმწიფო, ყოველგვარი მაგრამ-ების გარეშე, მიტაცებულია. 

დაჭერა და ადამიანების მორალურად გაფუჭება აინტერესებს, დასავლელ პარტნიორებთან შუა მოლაპარაკების დროს, იმიტომ რომ ერთხელ გაუვიდა, როცა გიგი უგულავა დააკავა ასე... რასაც - კი, დიდი კრიტიკაც მოჰყვა, მაგრამ ხომ გაუვიდა ?

და ისიც მერე რა, რომ, ცოტა ხანში, მის დასმულ პრეზიდენტს უბრძანა ახლა უკან გამოუშვიო ?! გადაწყვეტილების შეცვლას რა უნდა უღირსისათვის - თუ კი ასე აწყობს მის აღმატებულებას სოლოლაკისას ?!

არც განახლებული და 1 საათში შეჩერებული და ამ შეჩერებიდან 1 კვირაში აღდგენილი პოლიტიკური სასამართლო პროცესები და ძველბიჭური შემოთვლებია ერთადერთი მაგალითი, ამ ქვეყნის ამბის მოსაყოლად, და არც საარჩევნოდ მიტაცებული ხმებია -  უკანასკნელი.

და ამ ანაქრონიზმში, რაც ეპოქისთვის შეუსაბამოს გულისხმობს,  მოვლენებისადმი შეუგუებლობა ერთადერთია, რაც ადამიანებს გადაარჩენს, რადგან მართალია მმართველია, მაგრამ როცა არაფორმალია, 5.5 მილიარდის მქონე ბიძინა ივანიშვილის ბიზნესინტერესებზე თვალყურის დევნება თითქმის შეუძლებელია, რადგან მას 2013 წლიდან ქონებრივი დეკლარაციის შევსება არ ევალება, ხოლო საქართველოში ბენეფიციარული საკუთრების რეესტრი არ არსებობს...

ამიტომ ვინებოთ და ვიაქტიუროთ, თორემ ფუჭია ყველაფერ იმაზე ლაპარაკი, როგორ უნდა გამყარდეს ინსტიტუციები, რომ დაუსჯელად ვერ მიიტაცოს საქართველოს სახელმწიფო ამ მიწათმფლობელმა, რომლმაც ესეც გვითხრა - 2030 წლამდე ვიქნებიო. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი