მათი ძვირფასი ავტომობილების, დამაბრმავებლად თვალისმომჭრელი სიკაშკაშე, ჩვენ ახალწვეული დეპუტატების დანახვაში გვიშლიდა ხელს და ფაქტია რომ მათაც უჭირთ დაინახონ როგორია ამ ეზოს მიღმა მოგუგუნე რეალური საქართველო...
მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე მოსახვედრად და მანდატის ასაღებად დეპუტატებმა ჯერ რეგისტრაცია უნდა გაიარონ, ყველასთვის ხელმისაწვდომი რომ არ ყოფილიყო- თეა წულუკიანს სარეგისტრაციო ფურცელი და მანდატი დარბაზში შეუტანეს. ზოგს მისი აღება დაავიწყდა, სიაშია ოპოზიციაც და მათი მანდატები სამუზეუმო ექსპონატებივითაა გამოფენილი.
რატომ არ მივიდა იმ დღეს პარლამენტში 60 სხვადასხვაგვარად მოაზროვნე ადამიანი ეს კარგად იციან აქ მაგრამ, ივანიშვილის პარტიის უმრავლეობა პარლამენტში შესვლის შემდეგაც უცნაური მათემატიკით ითვლის.
საგანგებოდ შეკერილი პირბადის მიღმა მხოლოდ წარმოდგენა შეიძლება სახის, რომელიც საკუთარ თავს არწმუნებს რომ ყველაფერი არის ძლიერ კარგად ...
უკეთესის მოლოდინში კი ნინო წილოსანი სხდომათა დარბაზის შესასვლელთან ვიღაცას ელის- მოდურ პიჯაკთან შეხამებული პირბადით ელის-ბექა ოდიშარიაც...
ჟურნალისტების იარუსიდან კარგად ჩანს მარტოობის ის სიმძიმე, რომელსაც ამ დარბაზში მხოლოდ ბრიყვები ვერ გაიაზრებენ, არც მათი ნაკლებობაა, მაგრამ ფაქტია რომ საქართველოს ისტორიაში ერთპარტიული პარლამენტი 1989 წლის შემდეგ არავის უნახავს.
ბოლოს ყველამ თავისი ადგილი დაიკავა და ისეთივე პრეზიდენტი შემოვიდა, როგორსაც ასეთი პარლამენტი იმსახურებს.
სალომე ზურაბიშვილმა თავის 30 წუთიან სიტყვაში ილაპარაკა ჯარზე და ვიღაცის გასაგონად თქვა რომ ის გვყავს, მერე პოლიციის მუნდირის პატივისცემაზე ალბათ იმათ გასაგონად ვინ პოლიციელების მკვლელებს ციხიდან უშვებს, ბოლოს ისიც თქვა გავრილოვის იმ სავარძელში აღარ დავინახოო და თუ ობიექტური ვიქნებით, იმ დღეს პარლამენტში, ყველა კარგი სიტყვა ალბათ უფრო ამ ადამიანების გასაგონად ითქვა...
კანონებს ისე დაწერენ და მიიღებენ 90-იდან მხოლოდ იმ ერთ კაცს ეცოდინება ზუსტად რისთვისაა საჭირო, იმ ერთი კაცის საამებლად იცინებენ თოჯინები, და შეხმატკბილებულად გაუწევენ ზედამხედველობას მინისტრებს, ოპოზიციის ლანძღვაში გაიხსნება და დაიხურება მათი მარტოობის წლები მაგრამ თუ ისე მოხდა რომ ვინმემ მათი ოცნებები აახდინა და ამ დარბაზში შეუცდა ფეხი ჩუმად კი დააჯილდოვებენ, მაგრამ საჯაროდ ისე გათელავენ როგორც დიდოელი ლეკი ნაბადს, იქნება შეთანხმებული ჩხუბებიც და ფორმალური დათმობებიც,
პიანისტ ელის ბოლქვაძის დებიუტი საკონცერტო დარბაზიდან საპარლამენტო დარბაზში თამამად შეიძლება ითქვას ოპოზიციის ცარიელ სკამებზე უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
ლურჯად გაბოლილი პარლამენტის შიგნით კი ზეპარტიული პრეზიდენტის სიტყვის შემდეგ ზეპარტიულმა ცესკოს თავმჯდომარემ მეათე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილება ცნო. ოღონდ ფიცის დადების ცერემონიას და საქართველოს ჰიმნს ელჩები აღარ დალოდებიან.
პარლამენტარმა გახარიამ ფიცს ხელი მოაწერა და სწრაფად დატოვა საკანონმდებლო ორგანო...
მაგრამ ამ დარბაზშიც, დარბაზის გარეთაც და ზოგადად ქვეყნის გარეთაც ყველამ კარგად იცის რომ ამ ჩვენს ქვეყანაში პრეზიდენტიც, პრემიერიც, ყველა მინისტრიც, პარლამენტის თავმჯდომარეც, უმრავლესობის თუ ფრაქციის ლიდერიც და მოქალაქეც ერთი კაცია, რომელიც არც კი ელაპარაკება თავის სათამაშოებს...