დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესზე ჩვენებას 10 მოწმე მისცემს.
მოწმეებს შორის არიან სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები და ფეხბურთელის საქმეში ფიგურანტი დაზარალებული არასრულწლოვნი ნ.ხ.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ნ.ხ. არის არასრულწლოვანი, დაბარებულია სასამართლოში, მას რაიმე ახალი ინფორმაცია არ გააჩნია, სავარაუდოდ იგივე კითხვები იქნება, რაც წინა დაკითხვის პროცესში" – ამბობს მოწმის ადვოკატი ანა ჟღენტი.
პროკურორის თქმით კი ნ.ხ.–სთან ბევრი კითხვა აქვთ, მათ შორის იმაზე, თუ რატომ დაბრუნდა ნ.ხ. თბილისიდან მცხეთაში.
"დაიკითხება 10 მოწმე, მათ შორის არასრულწლოვანი. უამრავი კითხვა იქნება ნ.ხ.–სთან დაკავშირებით მათ შორის კითხვები იქნება იმაზე, რომ თბილისში დაბრუნების შემდგომ, როგორ და რისთვის ჩამოვიდა მცხეთაში უკან." – ამბობს პროკურორი დავით ყაზარაშვილი.
საქმის ერთერთი ადვოკატის თქმით, ნ.ხ–ს ექნება ინფორმაცია, თუ რა მოხდა აგარაკზე. კითხვების დასმისას კი გაითვალისწინებენ, რომ არასრულწლოვანს მკვლელობასთან უშუალო შეხება არ ჰქონია.
"ამ პირს ექნება ინფორმაცია რა მოხდა აგარაკზე და ამ გარემოებებზე, გვეტყვის და მისცემს სასამრთლოს ჩვენებას, ამბობს ადვოკატი გიორგი გელხაური, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმესთან უშუალო კავშირი არ აქვს, შეკითხვებიც ნაკლები გვექნება" – ამბობს ადვოკატი გიორგი გელხაური.
შეგახსნებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა.
ცნობისთვის, 13 ნოემბერს სასამართლომ 6 არასრულწლოვანის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და ექვსივე პირი დამნაშავედ ცნო, როგორც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ასევე ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ნაწილში.