USAID-ი მიესალმება, რომ ISFED-მა საკუთარი ინიციატივით გადაამოწმა PVT-ს შედეგები 

გამოქვეყნდა:

ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ორგანიზაცია მიესალმება ISFED-ის გადაწყვეტილებას, რომელმაც საკუთარი ინიციატივით გადაამოწმა პარალელური დათვლის (PVT) შედეგები და საზოგადოებას გააცნო შიდა აუდიტის დასკვნა.

"USAID აფასებს ხანგრძლივ, მჭიდრო თანამშრომლობას დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ორგანიზაციასთან “სამართლიანი არჩევნები და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED). ჩვენი თანამშრომლობით მხარს ვუჭერთ დემოკრატიის განვითარებას საქართველოში. მივესალმებით ISFED-ის გადაწყვეტილებას, რომელმაც საკუთარი ინიციატივით გადაამოწმა პარალელური დათვლის (PVT) შედეგები და საზოგადოებას გააცნო შიდა აუდიტის დასკვნა. ISFED პროფესიონალური და ღირსეული რეპუტაციის მქონე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა, რომელიც ყოველთვის პასუხისმგებელია გამჭირვალე ინფორმაციის უზრუნველყოფაზე, საკუთარ მონაცემთა ხარისხის კონტროლსა და შედეგების სიზუსტეზე PVT-ის ჩატარების საერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო პრატიკის შესაბამისად. მხარს ვუჭერთ არჩევნების მონიტორინგში ჩართული ყველა ორგანიზაციის გამჭვირვალე მუშაობას და ვაფასებთ ISFED-ის მიერ არჩევნების შემდგომ რთულ გარემოში განხორციელებულ საქმიანობას", - ნათქვამია განცხადებაში

აქვე გეტყვით, რომ ორგანიზაცია ISFED-ის მოქმედი ხელმძღვანელი, ელენე ნიჟარაძე ამბობს, რომ არჩევნების ხმების პარალელური დათვლის დროს, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში გამოვლენილი ხარვეზის შესახებ პირველად დონორ ორგანიზაცია USAID-ს აცნობეს. 

შეგახსენებთ, რომ 11 დეკემბერს, ISFED-მა გამოაცხადა, რომ არჩევნების ხმების პარალელური დათვლის დროს საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა - კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც. ამის შემდეგ განახლებული მონაცემებით "ქართულ ოცნებას" 47.6% აქვს, ხოლო მანამდე  მმართველ გუნდს 45.8% ჰქონდა.

12 დეკემბერს, მომხდარს გამოეხმაურა ორგანიზაციის მოქმედი ხელმძღვანელი, ელენე ნიჟარაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ "შეეცადნენ მაღალი სტანდარტი დაეცვათ და თვალი არ დაეხუჭათ". 

საყურადღებოა ფაქტი, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზაციას მართველმა გუნდმა უბნების გადათვლისა და შედეგების შესწორების მოთხოვნით მიმართა, გუნდის ლიდერებმა კი მათთან შეხვედრა შედეგების შესწორებამდე რამდენიმე დღით ადრე გამართეს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი