გიორგი გახარია დღეიდან პრემიერ მინისტრობის ოფიციალური კანდიდატია. რამდენიმე საათის წინ პარლამენტში ,,ქართული ოცნების’’ თავმდჯომარის წერილი შევიდა, რომლის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარმოგვიდგენს საარჩევნო სიის პირველი ნომერსა და ამჟამად დეპუტატ გახარიას.
გიორგი გახარიამ პროგრამა და ახალი შემადგენლობაც, უახლოეს ერთ კვირაში ან შესაძლოა უფრო ადრეც წარუდგინოს. ამის შემდეგ დაიწყება საკომიტეტო მოსმენები. მთავრობა მე-10 მოწვევის პარლამენტმა დეკემბრის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს. ნდობის გამოსაცხადებლად 76 ხმა არის საჭირო. მთავრობის დამტკიცებამდე ჯერ გახარიას უნდა მოეხსნას დეპუტატის უფლებამოსილება. არ არის გამორიცხული ყველაფერი ერთ სხდომაზე მოხდეს.
ვინ იქნება გახარიას მთავრობაში? ახლა ეს არის მთავარი კითხვა.
მან პარლამენტს პროგრამასთან ერთად მინისტრობის 10 და სახელმწიფო მინისტრობის ერთი კანდიდატი უნდა წარუდგინოს , თუმცა მანამდე უახლოს დღეებში კონსულტაციებს უმრავლესობასთან გამართავს.
ამის შემდეგ გაირკვევა შეინარჩუნებს თუ არა მინისტრის პორტფელს მაგალითად ეკონომიკის მინისტრი;
უცნობია, დარჩება თუ არა პოსტზე ჯანდაცვის მინისტრი, რომელსაც ბოლო რამდენიმე თვეა ყველაზე მეტად აკრიტიკებენ და როგორც ამბობენ, გახარიასთანაც დაპირისპირებულია, მაგრამ ივანიშვილის სტომატოლოგობა, სავარაუდოდ ხელშეუხებლობის გარანტი იქნება.
მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ გახარია, რომელიც მათი შეფასებით კარგი კრიზის მენეჯერია, ასევე პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდს წარუდგენს პარლამენტს.
ვინ იქნება იუსტიციის ახალი მინისტრი ეს საკითხიც ღიად რჩება. თეა წულუკიანს სავარაუდოდ მისი მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე შეცვლის, რომელიც ახლა მინისტრის მოვალეობას ასრულებს.
პარლამენტში წარდგენილ გახარიას მთავრობას უმრავლესობისგან სრული მხარდაჭერა ექნება. ერთპარტიულ პარლამენტში არც ზედმეტი კითხვები და არც დებატები იქნება. ივანიშვილის გუნდი მისივე მთავრობას უპრობლემოდ დაამტკიცებს.
მთავრობის შერჩევაც და პარლამენტში წარდგენაც რომ ფორმალური პროცედურაა, იციან ოპოზიციაშიც და ქართული ოცნების ყოფილმა თანაგუნდელებმაც.