"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, გრიგოლ ვალშაძის გადაწყვეტილებას პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ეხმაურება და წერს, რომ გრიგოლ ვაშაძესთან ბოლომდე პოზიციების დაახლოება ვერ მოხერხდა.
"პირველ რიგში, მადლობა მინდა მოვუხადო გრიგოლ ვაშაძეს. ის ურთულეს წლებში შემოგვიერთდა და ჩვენთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე იბრძოდა.
ვწუხვარ, რომ ბოლომდე პოზიციებს დაახლოება ვერ მოხერხდა პარტიასა და თავჯდომარეს შორის. თუმცა ცვლილებები ხდება და ყველაფერს ადამიანურად, ცივილიზებულ ფარგლებში უნდა შევხედოთ - დაუღალავი, უკომპრომისო ბრძოლის და უკეთესი ცვლილებების ფონზე. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მომავალი ზუსტად ასევე ესახება ბატონ გრიგოლს, სადაც არ უნდა იყოს მომავალში", - წერს ხატია დეკანოიძე.
მისივე განცხადებით, სხვა დეტალებზე ჩაღრმავებას ამ თემასთან დაკავშირებით არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ პარტიიდან მიდის და ყველა თანამდებობას ტოვებს. მისი თქმით, ამ ნაბიჯის გადადგმა უჭირს, თუმცა სხვა გამოსავალს ვერ ხედავს. ვაშაძე აცხადებს, რომ არის ფაქტები, რასაც კატეგორიულად ვერ შეეგუება.