ბატონმა გრიგოლმა პარტიაში მოიტანა ბევრი რამ და არ წაუღია არაფერი – რომან გოცირიძე

გამოქვეყნდა:

გრიგოლ ვაშაძის მიერ ნაციონალური მოძრაობის დატოვებას ფეისბუქზე ენმ–ს ლიდერი რომან გოცირიძე გამოეხმაურა. გოცირიძე წერს, რომ ვაშაძემ პარტიის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა.

"გრიგოლ ვაშაძე რთულ პერიოდში მოვიდა ნაციონალურ მოძრაობაში. შემოიტანა ის, რის დეფიციტსაც მაშინ პარტია განიცდიდა. მისმა გამოცდილებამ და პირადმა თვისებებმა პარტიას შემატა საერთაშორისო იმიჯი და შიდა სტაბილურობა. საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის მიერ ნაჩვენებ ბრწყინვალე შედეგში დიდი იყო გრიგოლ ვაშაძის პირადი წვლილი.

ბატონმა გრიგოლმა პარტიაში მოიტანა ბევრი რამ და არ წაუღია არაფერი. არც ყოფილა ეს მისი მიზანი. კიდევ სამი წელი დადო ქვეყნის დემოკრატიული მშენებლობის საქმეში.

პარტიიდან მისი წასვლა ბევრისთვის მოულოდნელი იყო, ბევრისთვის არა. შეიძლება ზოგს არ მოეწონა ამ გადაწყვეტილების დრო, ზოგს ფორმა. არ არის ადვილი მიიღო ყველასათვის მოსაწონი გადაწყვეტილება, მით უმეტეს, პოლიტიკაში.

მადლობა ბატონ გრიგოლს ქვეყნისათვის გაწეული სამსახურისათვის." – წერს ენმ–ის წარმომადგენელი რომან გოცირიძე

შეგახსენებთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ პარტიიდან მიდის და ყველა თანამდებობას ტოვებს. მისი თქმით, ამ ნაბიჯის გადადგმა უჭირს, თუმცა სხვა გამოსავალს ვერ ხედავს. ვაშაძე აცხადებს, რომ არის ფაქტები, რასაც კატეგორიულად ვერ შეეგუება. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი