"ქართული ოცნების" დეპუტატმა და ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა გუშინ, 16 დეკემბერს, "რუსთავი 2"-ის ეთერში, ტელევიზიის წამყვანებს უთხრა, რომ მათ ტელევიზია "ქართულმა ოცნებამ" დაუბრუნდა და ამაში იუსტიციის სამინისტროს "ტიტანური შრომა" დევს. გადაცემის წამყვანის რეპლიკას - "ქალბატონო თეა, რუსთავი 2 დააბრუნა ევროპის სასამართლომ", წულუკიანმა უპასუხა, რომ ამისთვის მათ ძალიან ბევრი იშრომეს და "კანონიერება თავისით არ აღსდგა".
თეა წულუკიანის ეს განცხადება მოულოდნელი არ ყოფილა არც ამჟამად "მთავარი არხის" გენერალური დირექტორისთვის, ნიკა გვარამიასთვის და არც ადვოკატებისთვის, რომლებიც პირველივე დღიდან აცხადებდნენ, რომ რუსთავი 2-ის საქმე არ იყო კერძო სუბიექტებს შორის დავა და ამ საქმეში "ქართული ოცნება: და ბიძინა ივანიშვილი უხეშად ერეოდნენ.
"ამდენი წლის განმავლობაში ჩვენ ვისმენდით ხელისულფების წარმომადგენლებისგან, რომ თურმე ეს არის დავა ორ კერძო სუბიექტს შორის და ყველამ ემოციები გვერდზე უნდა გადადოს და აცადოს წულუკიანის რეფორმირებულ სასამართლოს, რომ გამოიტანოს გადაწყვეტილება. წუხელ ჩვენ ვნახეთ ქალბატონი წულუკიანი პირდაპირ აღიარებს იმას, რომ იუსტიციის სამინისტრო და ქართული ოცნება იყო ერთ-ერთი მხარე, ე.წ. ორ კერძო სუბიექტის დავაში, აღიარებას სხვა ფასი აქვს, მე არ ვიცი წულუკიანმა ამაზე სკანდალური რა უნდა აღიაროს", - ამბობს ფონდ ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი.
"მთავარი არხის" ისურისტი, თამთა მურადაშვილი ამბობს, რომ ეს დავა თავიდანვე პოლიტიკურად მოტივირებული იყო და მასში "ქართული ოცნება" ერეოდა.
"ისინი ამას უარყოფდნენ, მაგრამ აღიარა ქალბატონმა წულუკიანმა, შეიძლება ერთგვარი წამოცდენაც იყო", - ამბობს თამთა მურადაშვილი.
უცნობია რა იყო ამ განცხადების გაკეთების მიზეზი, ეს იყო შემთხვევით ნათქვამი თუ წყენა "ქართულ ოცნებაზე", რომელმაც მინისტრი "დააქვეითა".