ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია, მანდატებს თმობს. ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შემდეგ დღეს საკანონმდებლო ორგანოს, ენმ-გაერთიანულმა ოპოზიციამ მიმართა. ლევან ბეჟაშვილის მიერ წარდგენილ 33 განცხადებაში იყო პარტიიდან წასული გრიგოლ ვაშაძის და გაერთიანებაში შემავალი "რესპუბლიკური პარტიის" წევრების განცხადებებიც.
განცხადება დაწერა გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალმა კიდევ სამმა დეპუტატმა და ენმ-გაერთიანებულმა ოპოზიციამ საბოლოო ჯამში, არჩევნებში მოპოვებული 36-ივე მანდატი დათმო.
განცხადება დაწერეს "ევროპული საქართველოს", "ლელოსა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრებმაც.
მანდატებზე ღიად თქვა უარი "გირჩმა", თუმცა განცხადების დაწერას ჯერ არ ჩქარობს. სავარაუდოდ ისიც უახლოეს დღეებში მიმართავს პარლამენტს განსხვავებით პარტია "მოქალაქეებისგან", რომელიც არ აპირებს არც სიის ჩახსნას და არც მანდატებზე უარის თქმას ვიდრე მოლაპარაკებები არ დასრულდება.
როდის გამართება მომდევნო რაუნდი ჯერ უცნობია. ფასილიტატორები ინდივიდუალურად აწარმოებენ მოლაპარაკებებს ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ლიდერებთან.
ოპოზიცია ყოველ დღე ელოდება, რომ მე-5 რაუნდი დაინიშნება, პროცესის გაჭიანურებაში კი "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებენ.
არ გამორიცხავენ, რომ მმართველი გუნდისგან გარკვეულ წინადადებებს ფასილიტატორი ელჩებიც ელოდებოდნენ და სწორედ ამაზე იყო დამოკიდებული კონკრეტული თარიღის დასახელება.
პარტია "მოქალაქეების" ბარიერგადალახული წევრები ფიქრობენ, რომ თუ მმართველი გუნდი საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებებს და საარჩევო რეფორმას დათანხმდა, ეს უკვე დიდი მიღწევა იქნება იმისთვის, რომ ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებისთვის იბრძოლოს.
"ქართული ოცნება" კი ოპოზიციას მხოლოდ საგამოძიებო კომისიის შექმნას და საარჩევნო რეფორმას სთავაზობს და ისევ იმედი აქვთ, რომ პარლამენტის ცარიელი სკამები მალე შეივსება ოპოზიციის დეპუტატებით.
ქართული ოცნების მოლოდინი მიუხედავად პარლამენტს უკვე 50-მა დეპუტატმა მიმართა უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტი უკვე შეტანილი განცხადებების განხილვას ერთ კვირაში დაიწყებს, რასაც ორ კვირიანი პროცედურა ახლავს. ამის შემდეგ უყრიან ,,ქართული ოცნების'' დეპუტატები კენჭს უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.