უმკაცრესი გაფრთხილება რომლის გამოც ქართულ ოცნებას პასუხისგება მოუწევს - ასე აფასებენ პოლიტიკოსები ამერიკელი მაღალჩინოსნის მიერ კონგრესის წინაშე მიცემულ ჩვენებას, რომლის გამოც ივანიშვილის პარტია მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.
ამერიკელმა დიპლომატმა, ჯორჯ კენტმა სენატში დაკითხვის დროს თქვა, რომ პროკურატურას საქართველოს ხელისუფლება ოპონენტების დევნისთვის იყენებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მეორე მოადგილის დაკითხვის სტენოგრამა კონგრესის საიტზე გამოქვეყნდა: "საქართველოს და უკრაინას, ორივეს ნატოში გაწევრიანება სურთ. ორივე მათგანი ღებულობს მილიარდობით დოლარს კონგრესიდან დახმარების სახით. მაგრამ არსებობს გადაუჭრელი პრობლემა, ამ ქვეყნების სათავეში მყოფი ხალხი პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებას ოპონენტების დევნისათვის იყენებს."
პოლიტიკური მოძრობა "ლელოს" დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ის პოლიტიკური ტერორი, რაც ივანიშვილმა ოპონენტების წინააღმდეგ დაიწყო, სტრატეგიული პარტნიორის მხარიდან რეაგირების გარეშე არ დარჩება:
"ოცნების" ხელისუფლება, როგორც ჩვენ ვამბობდით არის მონოპოლიზირებულ მდგომარეობაში და მიტაცებული აქვს მართლმსაჯულება, სახელმწიფო დემოკრატიული ინსტიტუტები და სწორედ ეს გზა არის იმის მანიშნებელი, რომ ჩვენი ქვეყანა ოცნების ხელმძღვანელობის ქვეშ ვერასდროს ვერ დაამარცხებს ვერც ოკუპაციას, ვერც უმუშევრობას და რაც ყველაზე მთავარია, დაკარგავს იმ მეგობრობის სტატუსს, რომელიც ჩვენ დასავლეთის სამყაროსთან გაგვაჩნია." აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, თუ ფიონა ლიის განცხადება "ოცნების" ხელისუფლებისთვის ყვითელი ბარათი იყო, ჯორჯ კენტის განცხადება წითელ ბარათად უნდა მივიჩნიოთ.
"თუ ჩვენ ფიონა ჰილის იმ განცხადებაზე ვისაუბრებთ, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს იყო ყვითელი ბარათი საქართველოს მთავრობის მიმართ, მაგრამ ამჯერად ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ წითელ ბარათზე. ბიძინა ივანიშვილმა ჩაიდინა სახელმწიფო დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედება, როდესაც მან დაავალა პოლიტიკური მოტივებით გამოეძიებინათ თუნდაც ირაკლი ოქრუაშვილის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას და ა.შ. საქმეები. რატომ არ შემოდის ინვესტიციები რატოა ეს 7 წელი რეგრესი, სწორედ ამის გამო, რომ ჩვენი პარტნიორები ასე თვლიან, რომ საქართველოში როგორ უნდა შემოიტანონ ინვესტიცია, თუ პროკურატურა პოლიტიზირებულია და მარტო ივანიშვილის და ოცნების ჭკუაზე დადის." აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილის თანაგუნდელი, კოტე კემულარია.
ჯორჯ კენტის უმკაცრეს გზავნილზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა ხელისუფლებაში, შესაბამისად უცნობია, რა პოზიცია აქვთ ბიძინა ივანიშვილის თანაგუნდელებს, ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებაზე
საქართველოს მისამართით მკაცრი შეფასებები აშშ-ს სენატიდან უკვე მეორე კვირა ისმის. რამდენიმე დღის წინ ფიონა ჰილმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აშშ-ს ელჩის თანამდებობაზე ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა დაბლოკა.