თელავში, სადაც წესით ახლა ზამთარს მშვიდად უნდა ხვდებოდნენ, რადგან ყურძნის მოსავლის რეალიზება უნდა შეძლებოდათ, ადგილობრივები გაჭირვებასა და სიღატაკეზე საუბრობენ.
მინისტრს ახსენებენ, რომ ქვეყანაში პანდემიაა, მოსავლის რეალიზება ვერ მოახერხეს, პირველადი დანიშნულების ყველა პროდუქტი გაძვირებულია და ეკონომიკურმა პრობლემებმა მათი ყოველდღიურობა დაამძიმა.
სოფლის მეურნეობის მინისტრი დღეს იმასაც ამტკიცებდა, რომ სოფლის მეურნეობის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრამები განხორციელდა, დროულად შეიწამლა ნარგავები, გაიცა აგრო სესხები, საწვავი და გლეხებმა სწორედ ამიტომ უხვი მოსავალი მიიღეს.
გორიდან, სადაც ადგილობრივების გარდა მოვაჭრეები აჭარიდან, გურიიდან და სხვა რეგიონებიდანაც ჩამოდიან მინისტრსა და ხელისუფლებას უთვლიან, რომ მოსავლის მისაღებად თავად იშრომეს, მაგრამ ახლა ამ მოსავლის რეალიზებას ვერ ახერხებენ, რაზეც პასუხისმგებელი მხოლოდ ხელისუფლებაა.
სიღარიბე რომ დაძლეულია, ვერ გრძნობენ ვერც სამეგრელოში. რეგიონში, სადაც ჯერ თხილის სეზონმა ჩაირა და ახლა ციტრუსის მოსავალს იღებენ, უკიდურეს გაჭირვებაზე საუბრობენ.
ხელისუფლებას ურჩევენ, კაბინეტიდან ბრტყელ - ბრტყელი განცხადებების გაკეთებისას გაიხსენონ, რომ მათმა არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ რეალურად გააღარიბა მოქალაქეები, მეწარმეები კი გააკოტრა.
მარნეულელი გლეხები არჩევნებში თავს გამოყენებულად გრძნობენ და თვლიან, რომ ხელისუფლებამ ისინი მომდევნო ოთხი წლით იმაზე მეტად მიატოვა, ვიდრე როდესმე. რეგიონი, რომელიც დიდი ქალაქების ბაზრებს ბოსტნეულით ამარაგებს, უკიდურესი გაჭირვების ზღვარზეა.
ის რასაც მმართველი გუნდის წევრი ფაქტს ეძახის და ციფრებში გამოსახავს, ანუ დაძლეულ სიღარიბესა და უხვ მოსავალს რეალობაში სულ სხვაგვარად გამოიყურება.
მოქალაქეების ყოფა არათუ არ გაუმჯობესებულა, წინა წლებთან შედარებით გაუარესდა და ამ ყველაფერში მხოლოდ კოვიდ პანდემია არ არის დამნაშავე, ადგილობრივები ამბობენ, რომ მთავარი პასუხისმგებელი პირი და მთავარი ბრალდებულიც ხელისუფლებაა, რომელმაც საკუთარი მოსახლეობა გაჭირვების პირისპირ მარტო დატოვა.