
"მე მესმის, რომ თქვენ ეძებთ სკანდალს, მესმის, მაშინ ადექით და გადაახვიეთ, ლაივი იყო, ასევე, არსებობს ჩანაწერი, მოუსმინეთ თავიდან" - ასე უპასუხა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტების კითხვას საკუთარ განცხადებაზე "ქართული ოცნების" გუნდთან დაკავშირებით.
"ის, თუ ვინ არის დაინტერესებული, რომ საქართველოს ჰყავდეს ცუდი ჯანდაცვის მინისტრი ეს იყო კითხვაზე პასუხი, სადაც საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ მინისტრი არ ფლობს დიპლომს და ვინ არის ამაში დაინტერესებული და მე ვთქვი, რომ გარკვეული ჯგუფები არიან ამით დაინტერესებული. რაც შეეხება, ბრძოლასთან მიმართებაში დაკავშირებულ კითხვებს, აქ განმარტებული იყო, რომ გარკვეულ ბიზნესწარმომადგენლებს შეიძლება ჰქონდეთ მსგავსი ინტერესები, თუმცა დასახელებულები ჯგუფის წევრები ნამდვილად არ ყოფილან და არც გუნდში მყოფი არც ერთი მაღალჩინოსანი, ასევე, მე აღვნიშნე, რომ ამისათვის საჭიროა საკმარისი მტკიცებულებები და ეს გამოძიება მე არ მიწარმოებია, ვინაიდან ნამდვილად არ მაქვს ამისთვის საკმარისი დრო და არც ინტერესი", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისი თქმით, არ გამორიცხავს, რომ გუნდის გარეთ იყვნენ ასეთი ადამიანები, თუმცა გუნდის შიგნით მსგავს შემთხვევაზე არ საუბრობს.
გუშინ, ტიკარაძემ განაცხადა, რომ მათ გუნდში არის ხალხი, რომელიც დაინტერესებულია, რომ ქვეყანას ჰყავდეს "ცუდი ჯანდაცვის მინისტრი". ასე უპასუხა მან კითხვას, ნეგატიურ კამპანიასთან დაკავშირებით, რომლის შინაარსიც იყო გუნდში ვინმემ ხომ ვერ აიტანა მინისტრის პირადი წარმატება.