გენერალური პროკურატურის განცხადებით, გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიება დასრულდა და შეწყდა. პროკურორის განცხადებით, მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
პროკურორის განცხადებით, გამოძიების პროცესში ოჯახი და ადვოკატები იყვნენ ჩართულები, თუმცა მათ მიერ გავრცელებული არცერთი ვერსია სიმართლეს არ შეესაბამება.
"გამოძიების დაწყების დღიდან საგამოძიებო პროცესში ჩართულები იყვნენ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და მათი ადვოკატები, რომელთა მოთხოვნით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო, თუ საპროცესო მოქმედება, გადამოწმდა მათ მიერ დასახელებული, თუ საჯაროდ გავრცელებული ყველა ვერსია, თუმცა საქმეზე მოპოვებულმა მტკიცებულებებმა ცხადყო, რომ არცერთი მათგანი არ შეესაბამება სინამდვილეს", - თქვა მან.
უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოიკითხა 600-ზე მეტი პირი, ჩატარდა ათეულობით საექსპერტო კვლევა; დამუშავდა და გაანალიზდა ასეულობით საათის ვიდეო ჩანაწერები, საკომუნიკაციო ოპერატორებისაგან მიღებული ინფორმაცია ათასობით სატელეფონო აქტივობების შესახებ.
"აღდგენილი და შესწავლილ იქნა თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონსა და კომპიუტერში არსებული ყველა ინფორმაცია; საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი უწყებების დახმარებით “facebook”-დან და „Instagram“-დან გამოთხოვილი იქნა ამ სოციალურ ქსელებში თამარ ბაჩალიაშვილის პირად ანგარიშებთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია; ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რის შედეგადაც დადგინდა არამხოლოდ თამარ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის გარემოებები, არამედ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი, მისი სიცოცხლის ბოლო წლების დეტალები და ფაქტები", - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის პროგრამისტი თეთრიწყაროს რაიონში მაწევნის ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
გამოძიების ვერსიით, ბაჩალიაშვილის სიკვდილი დიდი რაოდენობით მედიკამენტების მიღებამ გამოიწვია.