
ირაკლი კობახიძის მუქარას ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ, არასამთავრობო სექტორი ერთობლივი განცხადებით ეხმაურება.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ისედაც უმძიმესი პოლიტიკური, ეკონომიკური და პანდემიური კრიზისის ფონზე, მმართველი გუნდის დაანონსებული რეპრესიები, ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს:
მაშინ, როდესაც ხელისუფლების ყველა შტო მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანას და გამოსავლის ძიებას, განსაკუთრებით შემაშფოთებელია მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებები ოპოზიციური პარტიებისთვის საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით და ამ მიზნით კანონპროექტების ინიცირება, რაც მათ შორის დაკავშირებულია მათთვის საბიუჯეტო დაფინანსებისა და მომდევნო არჩევნებისთვის უფასო საეთერო დროის გაუქმებასთან (შეზღუდვასთან).
მსგავსი განცხადებები კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება სათანადოდ ვერ აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას არსებული კრიზისების გადაჭრის პროცესში, ხოლო მისი რიტორიკა აღიქმება როგორც მუქარა ოპოზიციური პარტიების მისამართით - იმოქმედონ ხელისუფლების დირექტივების შესაბამისად, რათა არ გახდნენ მმართველი პარტიის მხრიდან სანქციების მსხვერპლნი: ნათქვამია არასამთავრობოების ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს 13 ორგანიზაცია
ირაკლი კობახიძე ოპოზიციას დღეს კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე კანონის სახელით დაემუქრა და დააანონსა კანონპროექტი, რომელიც მათ დაფინანსებას და საარჩევნო რეგისტრაციას უუქმებს.