ლევან ვასაძის პოლიტიკური გეგმები - ითანამშრომლებენ თუ არა რაინდი და "ოცნება"?

გამოქვეყნდა:

"ქართულ ოცნებაში" ლევან ვასაძესთან თანამშრომლობას გამორიცხავენ. ხელისუფლების წარმომადგენლები არ ენდობიან ვასაძის იმ განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ ივანიშვილთან შეხვედრები ჰქონდა. "ოცნების" წევრების თქმით, ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის და ბიზნესმენი მას თავის პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

თავად ლევან ვასაძე კი აგრესიული  დაჯგუფებების შემდეგ ახლა უკვე პოლიტიკურ პარტიას ქმნის.  ამ გადაწყვეტილებას კი როგორც აღმოჩნდა წინ უძღოდა საიდუმლო მოლაპარაკებები ბიძინა ივანიშვილთან. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ფარული გარიგების თემა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ვასაძე "ოცნებასთან" თანამშრომლობას არ გამორიცხავს და ამისთვის მზადყოფნასაც გამოთქვამს, ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს ამ შეთავაზებას არ იღებენ:

"ჩვენ თავისუფალი დემოკრატიული სახელმწიფო ვართ და რა თქმა უნდა ნებისმიერ პირს შეუძლია შექმნას პოლიტიკური პარტია. რაც შეეხება თანამშრომლობის პერსპექტივას, მე არ მივესალმობოდი ასეთ თანამშრომლობას...მკითხაობა ზოგიერთი დეპუტატისგან განსხვავებით არ  მიყვარს" აცხადებს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა

ვასაძესთან თანამშრომლობა მიუღებელია ინფრასტრუქტურის მინისტრისთვისაც. მაია ცქიტიშვილმა ამ თემაზე საუბარი არ ისურვა.

რაც შეეხება სოზარ სუბარს. ის ამბობს, რომ ლევან ვასაძესთან ფარულად ნაციონალური მოძრაობა თანამშრომლობს და ისინი ერთმანეთს აძლიერებენ. ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას კი სუბარი ამბობს, რომ ივანიშვილი სააკაშვილსაც შეხვედრია. სუბარი დასმულმა კითხვებმა გააღიზიანა და "მთავარის" ჟურნალისტზე იერიში მიიტანა:

"არანაირი პოლიტიკური ინტერესები არ არის და თქვენ რა პოლიტიკური ინტერესი გაქვთ ძალიან მაინტერესებს. თქვენი ინტერესები ყველაზე კარგად არის ცნობილი და ეს რამდენიმე დღე რასაც აკეთებს თქვენი ხელმძღვანელი, თქვენი დამფუძნებელი პეტრე ცაავასთან ერთად, ეკლესიაზე ბრძოლა. თქვენ კი არ აშუქებთ, თქვენ ცდილობთ შექმნათ პოლიტიკა და ვერ ქმნით" აცხადებს პრემიერის მრჩეველი სუბარი.

ვასაძესთან თანამშრომობას გამორიცხავს პარლამენტის ვიცე სპიკერიც. თამარ ჩუგოშვილისთვის წარმოუდგენელია, რომ 2020-ში ოცნებას ვინმესთან კოალიციის შექმნა დასჭირდეს.

"ასეთი თანამშრომლობა გამორიცხულია, და ზედმეტად აქტუალიზაციას ნუ გავუკეთებთ თემებს, რომელიც ერთი რომ არც რეალისტურია და არც არანაირად ქვეყნის ინტერესებში არ არის. ვისაც რა გაუხარდება შუძლია ის თქვას, ვიღაცის ნათქვამზე ნუ მაკეთებინებთ სერიოზულ კომენტარებს...მე ვფიქრობ, რომ მოაგროვებს და არც ერთი ხმა არ დასჭირდება" განაცხადა ჩუგოშვილმა.

საპარლამენტო ოპოზიციაში კი ამბობენ რომ ვასაძე ივანიშვილთან ისედაც თანამშრომლობს და ივანიშვილი 2020-ში ასეთი შავრაზმული ძალებით შეეცდება მთავრობის დაკომპლექტებას:

"საქართველოს მტრები დღესაც ღიად არიან შეკრული ივანიშვილთან და ეს გამოიხატება პირველ რიგში მათი საერთო გზავნილებით ბევრ თემაზე და დაუსჯელობით ძალადობისთვის." აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია

"ეს ადამიანები ყოველთვის იყვნენ ქართული ოცნების მხარდამჭერები რომლებიც დღესაც ქუჩაში კომბლებით დარბიან და ადამიანებს ატერორებენ და ბუნებრივია, რომ ისინი იქნებიან ქართული ოცნების მოკავშირეები სხვა ფლანგზე" აცხადებს რომან გოცირიძე

"პატრიოტთა ალიანსში კი აცხადებენ,რ ომ ლევან ვასაძეში კონკურენტს ვერ ხედავენ და ვასაძე მათ ხმებს ვერ წაართმევს:

"თუ ჩვენთვის იქნება მისაღები ვინმესთან თანამშრომლობა ვითანამშრომლებთ, თუ არ იქნება მისაღები, ვინც არ უნდა იყოს, ივანიშვილი იქნება თუ სხვა ვინმე, არ ვითანამშრომლებთ...ჩვენ სხვა ელექტორატი გვყავს. ისინი თვლიან, რომ უფრო მეტი რადიკალიზმია საჭირო, ჩვენ ვთლით, რომ ზომიერი რადიკალიზმია საჭირო" განაცხადა გიორგი ლომიამ

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი