ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა ოლიგარქის გეგმებს არ ცვლის. მაშინ როცა მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის, ბიძინა ივანიშვილი ისევ ხეების გადარგვით არის დაკავებული. ამჟამად ოლიგარქის დენდროლოგიურ პარკში საუკუნოვან ჭადრებს ხობიდან გადაიტანენ.
ორი ჭადარი სოფელ ქარიატაში უკვე გაამზადეს ტრანსპორტირებისთვის. ზღვამდე საგანგებოდ დაგებული გზით მიიტანენ. რამდენიმე დღიანი მოგზაურობის შემდეგ კი ეს ასწლოვანი ჭადრები საბოლოოდ შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის ეზოში დაიდებენ ბინას.
გიგანტური ხეების სოფლიდან წაღება არ მოსწონთ ადგილობრივებს, მით უმეტეს ამ მძიმე პერიოდში, თუმცა ამბობენ, რომ ხალხის აზრს არავინ ითვალისწინებს.
ხელისუფლების მოწოდება დარჩი სახლში, არ ვრცელდება იმ მუშებზე, რომლებიც ხეებს თხრიან და ტრანსპორტირებისთვის ამზადებენ. ხშირ შემთხვევაში ისინი ვერც დისტანციას იცავენ და არც პირბადეები აქვთ.
ხეები შეკვეთილში ,,ურეკი რეზიდენსს'' გადააქვს. ეს კომპანია უკვე წლებია ამ სამუშაოებს ასრულებს. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირწმუნება, რომ კომპანია სანაცვლოდ სოფლის ტერიტორიაზე მდინარე ხობის ნაპირს სპეციალური ჯებირებით გაამაგრეს, რაც მოსახლეობას წყალმოვარდნებისგან დაიცავს.
მემორანდუმი სამი წლის წინ გაფორმდა, თუმცა აქამდე ნაპირსამაგრი სამუშაოები არ დაწყებულა. პარალელურად მუნიციპალიტეტმა აიღო ვალდებულება, რომ ხელი შეუწყოს ,,ურეკი რეზიდენსს'' მრავალწლოვანი ნარგავების გატანის პროცესში, მათ შორის დაიგო ბეტონის ეს გზაც ბიუჯეტის ხარჯზე.
მსოფლიო პანდემიისა და უკიდურესად რთული ვითარების ფონზე ხეების გადარგვას და ამისთვის საჭირო სამუშაოებში ბიუჯეტის ფულის დახარჯვას დანაშაულად აფასებენ ნაციონალურ მოძრაობაში.
სოფელ ქარიატის გარდა კიდევ ერთი ხე შერჩეულია შუა ხორგაში. სოფლის ცენტრიდან ასწლოვანი ცაცხვი უნდა ამოთხარონ.
ხობის რაიონიდან სულ 7 გიგანტური ხის გადარგვა იგეგმება. ორი ასწლოვანი ჭადარი ზღვაში შესაცურად რამდენიმე დღეში მზად იქნება. ორის ამოთხრა უკვე დაწყებულია. დანარჩენებსაც უახლოეს დღეებში ამოთხრიან.