არსებობს ერთი კერპი და სხვა ყველა არის მრევლი-ხუხაშვილი ივანიშვილის "რელიგიურ ორგანიზაციაზე" 

გამოქვეყნდა:

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება პრემიერმინისტრი, პარტიის თავმჯდომარე, მინისტრი და ა.შ, იმ პირობებში, როდესაც ყველაფერს ქვეყანაში ერთი ადამიანი მართავს.

"დღის სტუმარში" საუბრისას ხუხაშვილი დღეს გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად,  ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან ისევ მიდის და მის ადგილას ირაკლი კობახიძეს ტოვებს.

ხუხაშვილი ამბობს, რომ მაშინ როცა მართვის 2 მთავარი ბერკეტი - ძალოვანი და ფინანსური სისტემა ივანიშვილის  ხელშია, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რომელი სახელი და გვარი იჯდება თანამდებობაზე. ხუხაშვილი მმართველი გუნდის წარმომადგენლებს "მრევლს", ხოლო ივანიშვილს "კერპს" უწოდებს: 

“რა მნიშვნელობა აქვს ამას. ჩვენთან ხომ ინსტიტუციური წესრიგი არ არსებობს. ფაქტია, რომ ის ფლობს აბსოლუტურ ძალაუფლებას. რელიგიურ პრინციპებზე აქვს ორგანიზაცია აგებული, როდესაც არსებობს ერთი კერპი და სხვა ყველა არის მრევლი, რომელიც რაღაც იერარქიით ლაგდება. მერე გადალაგდება, მერე გადმოლაგდება, მაგრამ ძალაუფლება ამ სისტემის, რასაც საქართველო ჰქვია, აქციების 100% უჭირავს მას ხელში და ნიშნავს მენეჯმენტს. ზოგჯერ თვითონ იქნება, მერე დაიღლება და ვიღაცას დანიშნავს” 

რატომ გადაწყვიტა ივანიშვილმა გახარიას გამოცვლა და რას ვერ ასრულებს მოქმედი პრემიერმინისტრი? ხუხაშვილი ამბობს რომ გახარია ასრულებს ყველაფერს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ჩაითვლება, რომ არჩევნების მოგებაში ივანიშვილის გარდა, გახარიას წვლილიც არის, თუნდაც მცირე, ეს არღვევს ივანიშვილის მართვის "რელიგიურ პრინციპს".

ხუხაშვილი გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნის დროსა და კონტექსტს იხსენებს:

“როდის დანიშნა გახარია პრემიერად გახსოვთ? 20 ივნისის შემდეგ. რატომ იცით? იმიტომ რომ დაზიანებული იყო. სანამ გახარიაზე შეიქმნებოდა სერიოზული კომპრომატი, ის მას არ ნიშნავდა იმიტომ, რომ ასეთი გახარია მისთვის იქნებოდა საფრთხე, მაგრამ როგორც კი დაზიანდა 20 ივნისით გახარია, შედარებითი კომფორტი იგრძნო და მხოლოდ ამის შემდეგ დანიშნა", - ამბობს გია ხუხაშვილი "მთავარი არხის" ეთერში საუბრისას. 

მისივე თქმით, ივანიშვილი ამ მდგომარეობის მსხვერპლია და ახლა მას ყველაზე მეტად საკუთარი უსაფრთხოება აწუხებს

“მე მას ვთვლი ტრაგიკულ პიროვნებად. რა არის მისი ცხოვრება? ათასი შიშები და საფრთხეები, მას ყველაზე მეტი პრობლემა აქვს კეთილდღეობისა და პირადი უსაფრთხოების შენარჩუნების...არჩევნებზე როგორ მივიდა გახსოვთ? ის თავის სტატუსის და მდგომარეობის მძევალია - ამბობს გია ხუხაშვილი

შეგახსენებთ, დღეს გავრცელებული ინფორმაციით, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხდება, თავად ბიძინა ივანიშვილი კი, მორიგ ჯერზე მიდის პოლიტიკიდან.  გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება პრემიერმინისტრის თანამდებობაზეც.

ინფორმაცია არ უარყო დედაქალაქის მერმა და "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა - ცოტა მოგვიანებით ყველაფერი იქნება ცხადი - თქვა კალაძემ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი