მიდის, თუ არა ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნებიდან" - პარტიაში გავრცელებულ ინფორმაციას არც უარყოფენ, არც ადასტურებენ. ცნობილია, რომ ცვლილებების გასაფორმებლად პარტიის ყრილობა მომავალ კვირაში იგეგმება.
"ქართული ოცნების" წევრები დღეს ამბობდნენ, რომ მსგავსი ინფორმაცია არ სმენიათ, თეა წულუკიანმა კი თქვა, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში კიდევ დიდხანს უნდა დარჩეს.
"მოლოდინი არსებობს საფუძვლიანი იმისა, რომ პრინციპში ეს მთავრობა იქნება დაახლოებით იგივე შემადგენლობით, ვინც იყვნენ ჩემი ყოფილი კოლეგები და რა თქმა უნდა, ჩვენი კომიტეტის მხრიდან იქნება დარგობრივი განხილვები და შესაბამისი მხარდაჭერაც.
არც ერთი განხილვა პარტიაში, რომელიც ამ ტიპის საკითხს და ან ტიპის მიმსგავსებულ საკითხს მიეძღვნებოდა არ ყოფილა, შესაბამისად ეს საკითხი არ განიხილება. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი ბიძინა პარტიის საქმიანობაში იქნება ჩართული კიდევ დიდხანს", - თქვა თეა წულუკიანმა.
ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ არანაირი მნიშვენლობა არ აქვს ვინ რა თანამდებობაზე იქნება "ოცნებაში", რადგან მათი თქმით, გადაწყვეტილებებს მაინც ბიძინა ივანიშვილი იღებს.
"როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი ახლა უკვე ფსონს დებს ყველაზე აგრესიულ პირებზე ვინც მის პარტიაში იმყოფებიან. ირაკლი კობახიძემ განსაკუთრებით დაგვამახსოვრა თავი ბოლო პერიოდში მითუმეტეს რადიკალური განცხადებებით და ინიციატივებით. ახლა მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს იმას ვინ წამოვა წინა პლანზე და ვინ ჩაიჩოჩებს, რადგან მთავარი მიზანია ივანიშვილის ხელისუფლება შეიცვალოს", - თქვა ენმ-ს ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა.
"ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, არაფერს არ ცვლის ივანიშვილი, რომელიც წელიწადზე მეტი არანაირ თანამდებობაზე არ იყო, მაგრამ მაინც მართავდა ყველა შტოს.
აქვე გეტყვით, რომ გუშინ, 17 დეკემბერს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხდება, თავად ბიძინა ივანიშვილი კი, მორიგ ჯერზე მიდის პოლიტიკიდან.
ასევე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება პრემიერმინისტრის თანამდებობაზეც. თავად კობახიძემ აღნიშნული არ დაადასტურა.