21 დეკემბერს გაირკვევა, შეძლებენ თუ არა სავაჭრო ცენტრები 24 დეკემბრიდან მუშაობის გაგრძელებას.
ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დღეს ეკონომიკის მინისტრს შეხვდნენ და ის გეგმები გააცნეს, რომლითაც დაწესებული შეზღუდვების შემთხვევაში, მუშაობის გაგრძელებას შეძლებენ.
ბიზნესმენები ამბობენ, რომ თუ სავაჭრო ობიექტები მუშაობას არ განაახლებენ, იანვრიდან 25 ათასამდე ადამიანი, რომელიც მათთან არის დასაქმებული, უმუშევრად დარჩება, რადგან ხელფასს ვეღარ გადაუხდიან.
რაც უფრო მეტი საშუალება გვექნება, რომ ვიმუშაოთ, მით უფრო უკეთესად შევძლებთ ნაკადების მართვას. გავაჟღერეთ ის მოთხოვნები, რაც გვქონდა საგადასახადო შეღავათებს კუთხით, რაზეც მსჯელობა იქნება შესაბამის სამინისტროსთან და უახლოეს დღეებში ცნობილი იქნება საბოლოო გადაწყვეტილება სავარაუდოდ 20-21 ში გვეცოდინება - ამბობს "თბილისი ცენტრალის" დირექტორი ლევან ყარალაშვილი
საბოლოო გადაწყვეტილება იქნება 21-ში მიღებული. იყო საუბარი რეგულაციების დაცვასთან დაკავშირებით, იყო საუბარი ნაკადების სწორად მართვაზე, რა შეიძლება ჩვენ გავაკეთოთ და რაში შეიძლება დაგვიდგეს გვერდში სახელმწიფო - ამბობს კახა ხაზარაძე "აი სი არ"-ის ხელმძღვანელი.
მუშაობის განახლების გარდა, სავაჭრო სფერო საგადასახადო შეღავათებსაც ითხოვს, რის გამოც ისინი მომდევნო დღეებში უკვე ფინანსთა მინისტრს შეხვდებიან.
რაც შეეხება დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, ეკონომიკის მინისტრის პოზიციას, როგორც ნათია თურნავა ამბობს, საბოლოო გადაწყვეტილებას, განახლდება თუ არა 24 დეკემბრიდან არასასურსათო ვაჭრობა, საკოორდინაციო საბჭო მიიღებს:
საკმაოდ დამაიმედებელი ინფორმაცია მოვისმინე, რამდენად იქნება საკმარისი ეს ინფორმაცია განხილვის დროს რომ ვთქვათ, რომ 24 -ში გაიხსნას ვაჭრობა, ამაზე ვიმსჯელებთ უწყებათაშორის საბჭოზე" ამბობს ნათია თურნავა.
შეგახსენებთ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან - 31 იანვრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით ახალი შეზღუდვები ამოქმედდა.
ამავე გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, შეზღუდვები უნდა მოიხსნას, რაც იმას გულისხმობს, რომ უნდა გაიხსნას სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები, ასევე აღდგეს როგორც მუნიციპალური, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, თუმცა გართულებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.