უმძიმესი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ამომრჩევლის მოლოდინი ოცნებას მთავრობის გადახალისებით მაინც შეეცვალა რაიმე, არ გამართლდა.
პარლამენტში 20 ივნისის სისხლიანი ღამის ავტორმა, პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ახალი მინისტრთა კაბინეტი ძველი სახეებით წარადგინა. არავინ არ შეუცვლია, არც ძალოვანი უწყებისა და არც ეკონომიკური ბლოკის მინისტრებში. მეტიც იუსტიციის მინისტრის პოსტი - ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის ყოფილ მოადგილეს გოჩა ლორთქიფანიძეს ჩააბარა.
გიორგი გახარიამ სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ დაარქვა.
საგარეო პოლიტიკაც, ეკონომიკაც, სახელწიფო მმართველობაცა და სოციალური პოლიტიკაც 73 გვერდში ჩაატია და მათივე ერთპარტიულ პარლამენტს დასამტკიცებლად უკვე გადაუგზავნა.
იგივე შემადგენლობის მინისტრთა კაბინეტის წარდგენა და ერთპარტიული პარლამენტის შეკრება, ოპოზიციისთვის კიდევ ერთი გზავნილია, რომ ბიძინა ივანიშვილი ხალხს დასცინის. მათი თქმით, ოლიგარქმა შერჩევის კრიტერიუმად ისევ მონური მორჩილება აირჩია.
"ოცნების" თერთმეტი მინისტრი მალე 12 გახდება. ივანიშვილის გუნდი დღეს საკუთარ შეცდომაზე ალაპარაკდა და აღიარა რომ განათლების და კულტურის სამინისტროების გაერთიანება 2018 წლის ზაფხულზე არასწორი გადაწყვეტილება იყო.
უკვე დააანონსეს რომ მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კანონში ცვლილებებს შეიტანენ და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ცალკე გამოეყოფა კულტურის სამინისტრო.
ვინ იქნება კულტურის ახალი მინისტრი, ამაზე ივანიშვილის გუნდი ჯერ არ საუბრობს. ოპოზიცია კი არ გამორიცხავს ეს რომ თანამდებობა ივანიშვილმა მათ ახალ პოლიტიკური სახეს, პიანისტ ელისო ბოლქვაძეს ჩააბარონ.
ქართულ ოცნებაში უარყოფენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასაც რომ ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარეობიდან მიდის და პოსტს ირაკლი კობახიძეს უთმობს, რომელიც ბოლო დღეების ყველაზე აგრესიული სპიკერია.
ბიძინა ივანიშვილის ერთპარტიული პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას მომავალ კვირას, რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებს.