არ მგონია, “მისი მრევლის” გარდა ვინმემ გაიგო, რისი თქმა უნდოდა - ცერცვაძე ბუწაშვილს რემდესივირზე პასუხობს

გამოქვეყნდა:

"ნეოლაბის" კლინიკური განყოფილების გამგემ, მაია ბუწაშვილმა Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ის კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატ რემდესივირსა და მისი ეფექტურობის გარშემო რამდენიმე კითხვას სვამს.

"...გაჟღერდა, რომ შემოტანილია რემდესივირის საცდელი პარტია და შემოტანა გაგრძელდება, თუ "გაამართლებს", ანუ გამოდის, რომ თუ ეფექტური აღმოჩნდება, კიდევ შემოვიტანთ. ეს განცხადება ძალიან გაუგებარია მიუღებელია შემდეგი არგუმენტების გამო: ესე იგი ჩვენ ჯერ არ ვიცით, მედიკამენტი ეფექტურია თუ არა, რადგან ვსვამთ კითხვას, "გაამართლებს" თუ არა. მაშინ რატომ შემოვიტანეთ?..", - წერს ბუწაშვილი.

ამ პოსტს ასევე Facebook-ზე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ, უპასუხა; მისი შეფასებით - ბუწაშვილის "მრევლის" გარდა - სხვებისთვის გაუგებარია, რისი თქმა სურდა მას. გარდა ამისა, ცერცვაძე ამბობს, რომ ახალ პროტოკოლში ყველაფერი დეტალურად და არგუმენტირებულადაა დასაბუთებული რემდესივირის გამოყენებაზე.

"ქალბატონმა მაია ბუწაშვილმა ა.წ. 18 დეკემბერს გამოაქვეყნა პოსტი რემდესივირზე. არ მგონია, რომ “მისი მრევლის” გარდა ვინმემ გაიგო, თუ რისი თქმა უნდოდა ამ პოსტით ქ-ნ მაიას. რემდესივირი ჩვენს ძველ გაიდლაინშიც იყო შეტანილი, მაგრამ მეტი დამაჯერებლობისთვის გავაკეთეთ ახალი პროტოკოლი, რომელშიც ზედმიწევნით დეტალურად და არგუმენტირებულადაა განმარტებული ყველაფერი. ეს პროტოკოლი მე წარვადგინე კლინიკების წინაშე, როგორც ონლაინ კონფერენციაზე, ისე პირად შეხვედრებში და ვფიქრობ ჩვენს მიმართ ყველაზე კრიტიკულად განწყობილ ოპონენტებსაც კი შეკითხვები არ დარჩენიათ. ხომ წარმოგიდგენიათ რა ამბავი ატყდებოდა იმ შემთხვევაში, ჩვენ რომ პირიქით მოვქცეულიყავით და ამ მედიკამენტის შემოტანაზე უარი გვეთქვა - ყველაზე ხშირი ბრალდებები იქნებოდა ის, რომ COVID-19-ით პაციენტებს მთელ მსოფლიოში აქვთ შესაძლებლობა იმკურნალონ რემდესივირით და ქართველ პაციენტებს კი ჩვენ ეს შესაძლებლობა წავართვით და სასიკვდილოდ გავწირეთ.

რაც შეეხება ქ-ნ მაიას უკმაყოფილებას ჩვენი ნებისმიერი გადაწყვეტილებით და ნაბიჯით, ჩვენ ამ შემთხვევაში ვერაფრით დავეხმარებით. ჩვენ პანდემიის დაწყების პირველივე დღეებიდან ვცდილობდით და ვცდილობთ მოგვეხდინა ქვეყანაში COVID-19-ის კლინიკური მართვის მაქსიმალური ოპტიმიზაცია, როგორც სტანდარტული თერაპიის სრულყოფის, ისე ახალი ინოვაციური მიდგომების თვალსაზრისით, რათა რაც შეიძლება მეტი ავადმყოფი გადაგვერჩინა და ჩვენ ამ სტრატეგიას ვერ შევცვლით მხოლოდ იმიტომ, რომ ეს რამოდენიმე ადამიანს არ მოსწონს და აღიზიანებს", - ვკითხულობთ ცერცვაძის პოსტში.

ამასთან, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ბუწაშვილის პოსტზე ეპიდემიოლოგ ვახტანგ კალოიანის კომენტარს ეხმიანება და სთხოვს მას განმარტოს, ვის გულისხმობდა "შარლატანებში".

"მე მაქვს მხოლოდ ერთადერთი კითხვა ბ-ნ ვახტანგ კალოაიანთან, რომელმაც ქ-ნ მაიას პოსტზე გააკეთა კომენტარი, სიტყვა-სიტყვით „თქვენც არ გინდათ სხვისი (შარლატანების) აშენებული საქართველო“ (რასაც ქ-ნი მაია ეთანხმება). ბატონო ვახტანგ! უმორჩილესად გთხოვთ, გვიპასუხოთ - ვის გულისხმობდით „შარლატანებში“, ჩვენ, თუ ვინმე სხვას?..", - წერს ცერცვაძე.

შეგახსენებთ, რომ როგორც 17 დეკემბერს საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე გახდა ცნობილი, პრეპარატი რემდესივირი უკვე საქართველოშია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი