გორის მერიიდან გამოთხოვილი ოფიციალური დოკუმენტებით დასტურდება, რომ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას გორის მერია საახალწლოდ არაფრით დაეხმარება. ეს იმ ფონზე, რომცა ადგილობრივი ხელისუფლება საახალწლო განათებებში ათობით ათას ლარს ხარჯავს და საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდაზე საუბრობს.
"ვცხოვრობთ უკიდურესად გაჭირვებულად, არანაირი პირობები ჩვენ არ გვაქვს, მეტწილად მშიერი მყავს ბავშვები. ხელისუფლება არაფრით გვეხმარება, იმის საშუალება არ მაქვს, რომ ბავშვს ერთი კილო კანფეტი ვუყიდო. ყველამ იცის რა გაჭირვებაში ვცხოვრობთ, მაგრამ პატრონი არავინ არ გვყავს", - ამბობს ადგილობრივი, ფიქრია ხაბაშვილი.
ადგილობრივი ნუზგარ თათანაშვილი ამბობს, რომ მას სოციალური დახმარება - 60 ლარიც კი მოუხსნეს და იმედი არ აქვს, რომ ვინმე დახმარებას გაუწევს.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლება ამ ქმედებებით გარკვეულწილად ხელს უწყობს საოკუპაციო რეჟიმს, რომ მიმდებარე სოფლები მოსახლეობისგან დაიცალოს. "ქართულ ოცნებაში" კი ამბობენ, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად.
"ყველაფერი გათვალისწინებულია, რაც არის საჭირო. მუხლებში დევს, ალბათ ვერ ნახულობენ, დაურეკონ საფინანსო სამსახურისს უფროსს და დაწვრილებით აუღწერს, ყველაფერი არის გათვალისწინებული", - ამბობს, მერი კონსტანტინე თავზარაშვილი.