ლორთქიფანიძე რამდენიმე თვეში შეუდგება მოსამართლეობას, მანამდე საქმიანობას გუნდში გააგრძელებს - გახარია

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას თქმით, იუსტიციის მინისტრის პოსტზე მის მიერ მეათე მოწვევის პარლამენტისთვის წარგდენილი გოჩა ლორთქიფანიძე, რომელიც ჰააგაში მოსამართლედ აირჩიეს ამ საქმიანობას რამდენიმე თვეში შეუდგება, მანამდე კი მათ გუნდში იმუშავებს. ამ თემაზე გახარიამ პოსტი საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლების მსგავსად ლორთქიფანიძეს ეს წარმატება მიულოცა. 

"ამაყი ვარ ამ უდიდესი მიღწევით და დარწმუნებული ვარ, რომ უმაღლესი დონის პროფესიონალიზმით ის ერთ-ერთი საუკეთესო მოსამართლე იქნება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში. ბატონი გოჩა რამდენიმე თვეში შეუდგება ამ საპატიო და ამავე დროს ძალიან საპასუხისმგებლო უფლებამოსილების შესრულებას, მანამდე კი, ჩვენს გუნდში გააგრძელებს საქმიანობას და ჩვენი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი საქმეების კეთებას", - წერს გიორგი გახარია. 

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი და მინისტრობის კანდიდატი, გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოსამართლედ აირჩიეს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე გახდა.

ხელისუფლებას ჯერ არანაირი განმარტება არ გაუკეთებია, შესაძლებელია თუ არა, რომ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი, გოჩა ლორთქიფანიძე თან მინისტრის პოზიციას იკავებდეს და თან ჰააგაში მოსამართელ იყოს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი