მთავრობამ, 5 წლის წინ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის ოჯახის წევრს თბილისის ცენტრში მიწის ნაკვეთი 1 მილიონ ლარად მიჰყიდა, სახელმწიფომ 5 წელიწადში 33 756 387 ლარად საგანელიძეების ოჯახიდან უკან რატომ გამოისყიდა, არავინ იცის.
უძრავი ქონების ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო ბალანსზე არსებულ, ლუბლიანას 70 ნომერში 12 000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადასცა სამედიცინო ინოვაციების ცენტრს, იმ დროს ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი ლუბლიანას ქუჩაზე ბევრად ძვირი ღირდა.
ხელშეკრულების მიხედვით, მყიდველი ვალდებული იყო 40 თვის ვადაში 4 მილიონი ლარის ინვესტიცია გაეღო და 25 საწოლზე ზოგადი პროფილის კლინიკა აეშენებინა. გარდა ამისა, 50 ადამიანი 2 წლის ვადით უნდა დაესაქმებინა.
სამედიცინო ინოვაციების ცენტრის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი დავით საგანელიძის ძმა გია საგანელიძეა. "შაბათის მთავარის" ინფორმაციით, ახლად აშენებული საავადმყოფო უნდა გადასცემოდა ინფექციურს და თენგიზ ცერცვაძის მრავალწლიანი მოთხოვნა შესრულებულიყო.
დავით საგანელიძის ოჯახის წევრებმა მხოლოდ თანხით არ ისარგებლეს. 12 ათასი კვარატული მეტრის ნაცვლად სახელმწიფოს მხოლოდ ნაწილი მიჰყიდეს, ის, სადაც შენობა აშენდა. ნახევარზე მეტი, ჯამში 7500 კვადრატული მეტრი ახლა ისევ საგანელიძეების ოჯახის საკუთრებაა.
ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის ქონების დათვლა არ არის მარტივი. სანამ ოპოზიცია პოლიტიკურ ბრძოლაშია, უმუშევრად დარჩენილი გაღარიბებული ხალხი თავის გადარჩენაში, მანამდე ხელისუფლებასთან დაახლოვებული ჩინოვნიკები ქონების გამრაველებით არიან დაკავებულები.