თბილისის მერი, კახა კალაძე, ამტკიცებს, რომ პიარი არ სჭირდება, თუმცა ამ სიტყვების უკან ოთხი მილიონი ლარია, რომელსაც კახა კალაძე მერიის ბიუჯეტიდან 12 თვეში მხოლოდ საკუთარი პიარისთვის ხარჯავს. ამაში ღარიბი დედაქალაქის მდიდარ მერს არც ფული და არც დრო ენანება.
ფოტოგრაფები, ოპერატორები, დრონი, სელფის ჯოხის დამტარებელი, ტექნიკური პერსონალი, დამხმარეები - ისინი, ვის გარეშეც თბილისის მერი არც ერთ ღონისძიებაზე არ მიდის. ამ ყველაფერში 9 თვეში მერმა 52 ათასი ლარი დახარჯა.
მისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის ხალხისთვის მიწოდებაში თბილისის მერს 40 უშტატო თანამშრომელი ეხმარება. არავინ იცის, რა ფუნქციებს ასრულებენ კომუნიკაციების სააგენტოში დასაქმებულები, თუმცა, მათ კახი კალაძემ ერთ წელიწადში 990, 360 ლარი გადაუხადა.
ამტკიცებს, რომ პიარი მისი ძლიერი მხარე არ არის, თუმცა, კომუნიკაციების სააგენტომ, რომელიც 2018 წელს კახი კალაძემ დააარსა, სამ წელში მერიის ბიუჯეტიდან 11 463 000 ლარი უკვე დაახარჯა. მერს ფულის გადახდა არ ენანება, თუკი ეს მას წარმატებას მოუტანს.
თბილისის ბიუჯეტში უფასო სასადილოს ერთ ბენეფიციარზე 1 ლარი და 28 თეთრია გამოყოფილი. გამოდის, რომ მერის გადაწყვეტილებით ეს თანხა უსახლკარო ოჯახებს და მშიერ ბავშვებს უნდა ეყოს, სამაგიეროდ, მხოლოდ ერთი სააგენტოს ორმოც უშტატო თანამშრომელს, რომლებიც მის პიარზე ზრუნავენ, წლიურად 990, 360 ლარს გადაუხდის.
2018 წლიდან დღემდე ქვეყნის ყველაზე მდიდარმა მერმა პიარში 11 მილიონ ხუთასი ათასი ლარი დახარჯა - ასეთია კახი კალაძის ძვირადღირებული მუშაობა. უწყება, რომელიც თბილისელების კეთილდღეობაზე უნდა ზრუნავდეს, ჯერ მერის პიარით არის დაკავებული. კახი კალაძის ინტერესებისთვის დახარჯულ მილიონებსა და დაცარიელებულ ბიუჯეტს გაღატაკებული და უსახლკარო თბილისელები შეავსებენ.