
15 დეკემბერს, დაპირებებით სავსე ქალაქში სახლები დაანგრიეს. სახლები, რომლებსაც აფრიკაში დასახლებული ოჯახები აგურ-აგურ, საკუთარი ხელით, უკეთესი მომავლის იმედით აშენებდნენ. უშენებდნენ შვილებს, რომლებსაც შესცივდათ; დედებს, რომლებიც გაჭირვებისგან დაბერდნენ; და მეუღლეებს, რომლებსაც უკვე დიდი ხანია, გალესილი, თეთრი და ჰაერგაუმტარი კედლები სანუკვარ ოცნებად გადაექცათ. აშენებდნენ და სჯეროდათ, რომ რომელიმე ახალ წელს მაინც შეხვდებოდნენ ნამდვილ სახლში – ნამდვილი კედლებით, ნამდვილი სახურავითა და ნამდვილი სიხარულით. მაგრამ აფრიკაში გრინჩი ნაადრევად, დეკემბრის ყველაზე სუსხიან დღეს გამოჩნდა და ოცნების მხარდამჭერებს ოცნებები წაართვა.
ადამიანების გულწრფელ შეკითხვებს ქალაქის მერი კანონებით პასუხობს და ამბობს, რომ ეს მიწა სახელწიფოს ეკუთვნის. თუმცა, საქართველოს კონსტიტუციაშივე ვკითხულობთ, რომ სახელმწიფო ხელისუფლების მთავარი წყაროა ხალხი, და რომ სახელმწიფო ვალდებულია, იზრუნოს ადამიანების ჯანმრთელობასა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.
ქალაქში, რომელსაც სოლიდარობა ყველაზე მეტად აკლია, ახალი წელი საახალწლო განწყობის გარეშე მოდის. სადღესასწაულოდ მორთულ-მოკაზმული თბილისი იმ ადამიანს ჰგავს, რომელიც გრანდიოზული დაბადების დღისთვის გამოიპრანჭა, მაგრამ სტუმრებს მასთან მისვლა აუკრძალეს. ირგვლივ სიმარტოვე, სიცივე და უიმედობაა, რაც კიდევ უფრო თვალშისაცემი ხდება მაშინ, როცა ღამდება, მთავარი ნაძვის ხე ბავშვების გარეშე ინთება და ადამიანები, რომლებსაც ყველაზე გულწრფელი სურვილები ჰქონდათ ჩაფიქრებული, ახალ წელს დანგრეული ოცნებებით ხვდებიან.