
"შენ მანიპულატორი... მე მანიპულატორი... ჩვენ ვართ ჩათლახები... პატიოსან ხალხს გაუმარჯოს"-ლაშა ნაცვლიშვილის ფრაზა შალვა რამიშვილის გადაცემაში "პიანი ბაზარი"
ფეხზე წამოდექით, მეგობრებო, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი და ახლა უკვე მთავარი მედია-იდეოლოგი ჩვენს სადღეგრძელოს სვამს. ისე, კი უნდა დავუფასოთ. კაცმა გულწრფელად აღიარა, ჩათლახი მანიპულატორი ვარო. არადა, ჩემი სიუჟეტის მიზანიც ეგ უნდა ყოფილიყო. მინდოდა, თქვენთვის ის მეჩვენებინა და დამემტკიცებინა, რაც ლაშა ნაცვლიშვილმა აგერ, თავისი პირით თქვა.
ფსიქოლოგიაში ერთი ასეთი ტერმინია დამკვიდრებული - პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, როდესაც ადამიანს კინო-კადრული სისწრაფით ჩაურბენს თვალწინ თავისი განვლილი ცხოვრება, დანაშაულის შეგრძნება იპყრობს და მზადაა, ამაზე ხმამაღლა ამცნოს ყველას. მგონი, ამ დღეშია ლაშა ნაცვლიშვილი...
რთულ ტერმინებს თავი რომ დავანებოთ და ჟარგონის ენაზე ვთქვათ - ამოასხა. რთულია, როდესაც „ქართული ოცნების“ ე.წ „ჩისტილშიკად“ გიწევს მუშაობა და განსხეულებულ facebook ბოტებთან ერთად დრო და დრო ათასი სისაძაგლის „გაპრავება“. დაწყებული პროკურორ ფარცხალაძის მიერ ნაიკის ბოტასების მოპარვით, დამთავრებული 20 ივნისს ადამიანებისათვის თვალების დათხრით:
ათასი რამ ჩაგვიდენია ავი, რაზეც არ დავსჯილვართ... ჯერ-ჯერობით...- ლაშა ნაცვლიშვილის ფრაზა "პიანი ბაზარში"
გადავწყვიტე ლაშა ნაცვლიშვილს დავკავშირებოდი და გადაცემა „პიანი ბაზარში“ წამოცდენილ საკუთარი თავის ამ უნებლიე და უაღრესად გულწრფელ დახასიათებაზე დამესვა რამდენიმე კითხვა, მაგრამ ბატონ ლაშას შეეშინდა და მტკიცე უარი განმიცხადა, შემდეგ კი საჯაროდ, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოდო ჩვენი მიმოწერა და პარტიულობაში დამდო ბრალი. სამწუხაროდ, ჩვენი მიმოწერა სრულად არ აუტვირთავს, ამიტომ - თავს ვალდებულად ვთვლი, გაგაცნოთ ის ნაწილი, რომელიც მან შეგნებულად გამოტოვა:
ასეა, რამდენჯერაც ამ გამოსვლას მოვკრავ თვალს, იმდენჯერ მახურებს და უხერხულობისგან ვწითლდები. არაფერია საცქერლად იმაზე მძიმე, ვიდრე ადამიანური ბუნების ყველაზე ქლესა და ფლიდი მხარის ასეთი ვულგარული გამომზეურება.
ლაშა ნაცვლიშვილი ამასაც არ დასჯერდა და გადაწყვიტა, არქიფო სეთურისთვის ბოლომდე მიეცა ... მიეცა იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ის, რა ასოციაციაც თქვენ ახლა ზმნა „მიცემის“ გაგონებაზე გაგიჩნდათ. მიეცა საკუთარი ღირსება და თავმოყვარეობა.
ბიძინა არის ყველგან... ბალახის შრიალშიც ბიძინაა... - ლაშა ნაცვლიშვილი
ისე კი, იმ ეზოთერულ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ლაშა ნაცვლიშვილი არც თუ ისე იშვიათადაა ხოლმე, ყველაფრის წარმოდგენა მარტივია. ბალახებში მოშრიალე ბიძინასაც დაინახავ და ზებრაზე ამხედრებულ ირაკლი კობახიძესაც...
ალკოტესტი არა, ისა კიდე...- ლაშა ნაცვლიშვილი პატრულ-პოლიციელს
ალკოტესტი არა, შმალკოტესტიო - განუცხადა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ლაშა ნაცვლიშვლმა პატრულის თანამშრომელს. და საერთოდ, ქოცი ჩინოვნიკები, ან ჩინოვნიკთა ოჯახის წევრები ასე აგდებით ხშირად ესაუბრებიან პატრულის თანამშრომლებს:
დაწერე... პლანეტის მტ***ი ვარ...- ლევან იზორიას ძმის ფრაზა პატრულის თანამშრომელს
ასეთი აგდებული მიდგომა ქართული ოცნების მთელი პოლიტიკური ელიტისთვის სიმპტომურია… ხომ გახსოვთ, კორუფცია არა, შმორუფციაო, განგვიცხადა გიორგი გახარიამ:
რა კორუფცია, ხალხო... შეიძლება, ვიღაცამ ვიღაცას, ქართულ ჯიგრულ პონტში, რაღაცა... რა კორუფცია - პრემიერ გახარაიას ფრაზა პარლამენტის ტრიბუნიდან
აგერ, კახა კალაძემ ღარიბებს დაცინვით მიმართა, სახლი არა, შმახლიო...
ვისაც სახლი არ აქვს, არსებობს თავშესაფარი, - კახა კალაძის ფრაზა აფრიკის დასახლებაში სახლების ნგრევის შემდეგ
და ასე, დაუსრულებლად. ჩვენ კი, პატიოსან ხალხს, ყოველდღიურად გვიწევს „ქართული ოცნების“ ამჩემფეხებიზაციის პოლიტიკის ყურება, რომელსაც ეს ამორალი ხალხი ჰუმანურ პოლიტიკად გვასაღებს, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს, ყველაფერი ისე დამთავრდება, როგორც ერთ-ერთი მათგანი თავადვე ასკვნის ამ გადაცემის ბოლოს:
მე ეჭვი მაქვს, ჩვენ დედა ........ მაგისთვის, ერთხელაც... - შალვა რამიშვილის ფრაზა მისსავე საავტორო გადაცემაში "პიანი ბაზარი", ლაშა ნაცვლიშვილის სტუმრობისას
ავტორი: ბექა ყორშია