
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სათაო ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, ინფორმაციას პარტიის პრესსამსახურში ადასტურებენ.
განსახილველ საკითხთა შესახებ წინასწარ ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა, სავარაუდოდ, კომენტარები პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთდება.
არსებული ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე პარტიის ყრილობის ჩატარებაზეც იმსჯელებენ, რომელზეც ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიონ.
ენმ-ის თავმჯდომარის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გრიგოლ ვაშაძემ გადადგომისა და პარტიის დატოვების შესახებ განაცხადა.
შეგახსენებთ, გრიგოლ ვაშაძემ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე 15 დეკემბერს დაწერა და მიზეზად რიგ საკითხებზე პარტიისგან განსხვავებულ პოზიციაზე ყოფნა დაასახელა. გრიგოლ ვაშაძე ენმ-ის თავმჯდომარედ 2016 წელს აირჩიეს.
გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილებაზე კომენტარი ენმ-ის დამფუძნებელმა და ლიდერმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც გააკეთა. მისი თქმით, მოულოდნელი არ იყო, რომ გრიგოლ ვაშაძე პოლიტიკისგან დაიღალა და რომ "ბრძოლის წინახაზზე ყოფნას ყველას ვერ მოსთხოვ, მიუხედავად დამსახურებებისა".