ჩანგელიების ოჯახს, ზუგდიდში ბინა გადასცეს - დევნილთა სააგენტო

გამოქვეყნდა:

დევნილთა სააგენტომ აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ ჩანგელიების დევნილ 5-სულიან ოჯახს, ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსში, სამოთახიანი ბინა გადასცა.

ინფორმაციას დევნილთა სააგენტო სოციალურ ქსელ Facebook-ში ავრცელებს. 

სააგენტოს ინფორმაციით, ჩანგელიების დევნილი ოჯახი დამისამართებულია ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, შესაბამისად, ბინა, მათივე თანხმობის საფუძველზე, ქალაქ ზუგდიდში მიიღეს

"დევნილთა სააგენტომ, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, ჩანგელიების 5-სულიან ოჯახს, ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსში, სამოთახიანი ბინა გადასცა.

დევნილ ოჯახს, მიღებული ჰქონდა ადმინისტრაციული დაპირება, რომლის თანახმადაც სახელმწიფო, პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოფდა საცხოვრებლით. ჩანგელიების დევნილი ოჯახი დამისამართებულია ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, შესაბამისად, ბინა, მათივე თანხმობის საფუძველზე, ქალაქ ზუგდიდში მიიღეს, რაც მშობლების ხელმოწერითაც დასტურდება.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად 2020 წლის 7 დეკემბერს გამოქვეყნდა, ხოლო 14 დეკემბერს ჩანგელიების ოჯახს, სხვა დევნილ ოჯახებთან ერთად ბინა გადავეცით. ზუგდიდში, სამოთახიანი ბინა გადაეცათ მშობლებსა და 3 შვილს, მათ შორის 8 წლის ბიჭს, რომლის ფოტოთიც ბოლო რამდენიმე დღეა მანიპულირებენ.

რაც შეეხება ბებიას, მას სახელმწიფოს მხრიდან თბილისში, სამგორის ქუჩაზე, 33 კვ.მ საცხოვრებელი ფართი აქვს დაკანონებული.. - ნათქვამია განცხადებაში 

დევნილთა სააგენტოს ამ ინფორმაციას დედაქალაქის მერი, კახა კალაძე გამოეხმაურა და საზოგადოების ნაწილი ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს ინფორმაციის გადამოწმებისკენ მოუწოდებს დევნილთა სააგენტოც...

აქვე გეტყვით, რომ 8 წლის გიგი ჩანგელიას სახლის დემონტაჟის შეჩერებაზე არასამთავრობო ორგანზიაცია PHR-მა სასამართლოს 18 დეკემბერს, მიმართა. სახლის დემონტაჟი დღეს არის დაგეგმილი, ამ წუთებში, 8 წლის გიგი ჩანგელიას სახლთან ოჯახის უფლებადამცველი, ანა აბაშიძე, და სამოქალაქო აქტვისტები არიან შეკრებილები. 

შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს მერიის ინსპექტირების სამსახურმა აფრიკის დასახლებაში სპეცტექნიკა შეიყვანა, რომლის საშუალებითაც უკანონო მშენებლობები დაანგრია. პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის ორსული ქალი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი