ფეიკ კამპანია, ამორალური მანიპულაცია და ყალბი ინფორმაცია - ასე აფასებს დედაქალაქის მერი, აფრიკის დასახლებაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საზოგადოების ნაწილის მწვავე რეაქციას და გამოხმაურებებს:
რამდენიმე დღეა თვალს ვადევნებ მედიაში ხელოვნურად შექმნილ ფეიკ კამპანიას უსახლკარო ოჯახებზე. ძალიან ვწუხვარ, რომ მოსახლეობის ნაწილი, მით უმეტეს სოცქსელების მომხმარებლები, აყვნენ ამ ამორალურ მანიპულაციას. ასე სახე როგორ უნდა დაკარგოთ ზოგიერთებმა, რომ ბავშვების საშუალებით "გაამძაფროთ" ყალბი ინფორმაცია?!.
ამის იქით რაღა დარჩა? შემდეგი მანიპულაციისთვის რას და როგორ გამოიყენებთ - წარმოდგენაც კი მზარავს! ვიტყოდი სირცხვილია-ს, მაგრამ ბავშვების ფოტოების მოფრიალეებს, არა მგონია ეს გრძნობა აწუხებდეთ." წერს კახა კალაძე "ფეისბუქზე"
დედაქალაქის მერის გაღიზიანება სავარაუდოდ დღეს გავრცელებულმა ფოტოებმა გამოიწვია, რომელიც აფრიკის დასახლებაშია გადაღებული.
კალაძე ფეისბუქზე დევნილთა სააგენტოს ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ჩანგელიების ოჯახს 14 დეკემბერს, ზიგდიდში ბინა გადასცეს.
სწორედ დღეს ამოიწურა ის 4 დღიანი ვადა, რომელიც მუნიციპალურმა ინსპექციამ ჩანგელიების ოჯახს საცხოვრებლის დემონტაჟისთვის მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში დააანონსა, რომ სახლს თვითონ დაანგრევდნენ.
დილიდან აფრიკის დასახლებაში 8 წლის გიგი ჩანგელიას სახლის დასაცავად უფლებადამცველები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ.
შეგახსენებთ, 15 დეკემბერს მერიის ინსპექტირების სამსახურმა აფრიკის დასახლებაში სპეცტექნიკა შეიყვანა, რომლის საშუალებითაც უკანონო მშენებლობები დაანგრია.
ჩანგელიების სახლის დემონტაჟის შეჩერებაზე არასამთვრობო ორგანიზაცია PHR-მა სასამართლოს 18 დეკემბერს, მიმართა, თუმცა სასამართლომ განაცხადი არ დააკმაყოფილა.