გერმანიის მოქალაქეს, ლუკა ბაქრაძეს, რომელსაც საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის უფლება ჰქონდა, ქვეყანაში არ შემოუშვეს და თურქეთის გავლით გერმანიაში გააბრუნეს.
მომხდარის შესახებ ბაქრაძე "მთავარ არხთან" საუბრობს.
ახალგაზრდა ამბობს, რომ გერმანიის საზღვარი უპრობლემოდ და კორონავირუსის წესების სრული დაცვით გადმოკვეთა, თუმცა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სასაზღვრო პოლიციამ ქვეყანა დაატოვებინა.
საქართველოს დატოვება მოუწიათ მასთან ერთად მყოფ უცხოეთის სხვა მოქალაქეებსაც, მიზეზი გაუგებარია.
ლუკა ბაქრაძე ამბობს, რომ პოლიციის წარმომადგენლებმა გერმანიის მოქალაქეებს მიზეზის მოძიება საკანონმდებლო მაცნეში ურჩიეს და 164-ე დადგენილება დაუსახელეს, რომლის მიხედვითაც, გერმანიის მოქალაქეებს თურქეთის გავლით, საქართველოში შემოსვლის უფლება არ ჰქონდათ.
ბაქრაძე ამბობს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებმაც ქართული არ იციან, ეს განკარგულებაც გაუგებარი დარჩა.
რატომ არ შემოუშვეს გერმანიის მოქალაქეები საქართველოში, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით დუმს.