
დღეს, მინისტრობის კანდიდატები 5 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ძველი სამთავრობო პროგრამით მივიდნენ, თუმცა საკუთარი თანაგუნდელებისგან არც კრიტიკა მოუსმენიათ, 112 კითხვას შორის მწვავე არც ერთი ყოფილა.
ვიდრე "ქართული ოცნება" ახალი, თუმცა ძველი კანდიდატების დასამტკიცებლად ემზადება, გაირკვა, რომ წარმოდგენილ შემადგენლობაში მარტის თვეში ცვლილებები იქნება.
გადაინაცვლებს თუ არა საკანონმდებლო ორგანოდან იუსტიციის სამინისტროში ქართული საოცნებო „ტრიუმვირატის“ ერთერთი სპიკერი მამუკა მდინარაძე, ჯერჯერობით არ ზუსტდება, თუმცა ვერსია აქტიურად მას შემდეგ განიხილება, რაც გაირკვა, რომ მინისტრობის მარათონს, გოჩა ლორთქიფანიძე რამდენიმე თვეში საპატიო მიზეზით გამოეთიშება და ჰააგაში მოსამართლის მანტიას მოირგებს.
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მოლაპარაკებების მიმდინარეობას უარყოფს, თუმცა მინისტრობის სურვილს არა.
"ქართულ ოცნებაში" უკვე აღარ მალავენ რომ კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფა სურთ. ვინ ჩაიბარებს ამ უწყებას - მმართველ გუნდში 2 კანდიდატზე ფიქრობენ - ნამინისტრალ თეა წულუკიანსა და პიანისტ ელისო ბოლქვაძეზე.
მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებამდე არც ისე დიდი დრო დარჩა. ახალ წელს ძველი სახეებით ხვდება ქვეყანა და დიდი ალბათობით მართვის ძველი და ნაცადი ხელწერით.
ავტორი: დეა მამისეიშვილი