ოკუპაცია უმაღლესი ხარისხის პრიორიტეტია, NATO პრიორიტეტული, ევროკავშირი - ამბიციური - გახარია

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ საქართველოსთვის, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ევროკავშირში ინტეგრაციის გეგმა ამბიციური იქნება, ხოლო, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობა პრიორიტეტული. ამის შესახებ მან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაზე ისაუბრა.

"ეს ამბიციური გეგმაა, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ იმ ყველაფრის შემდგომ, რასაც ქვეყანამ მიაღწია ბოლო წლების განმავლობაში, ეს ის ნაბიჯია, რომელსაც ჩვენი თითოეული მოქალაქე ელოდება, ეს ის მიზანია, რომლისთვისაც ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ. ამიტომ, თქვენს 2021 წლის სამუშაო გეგმაში ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავება იქნება ნომერ პირველი პრიორიტეტი. 

რა თქმა უნდა, ნატო-ს მიმართულება არის უაღრესად მნიშვნელოვანი. საერთოდ, თავდაცვის თვალსაზრისით ბოლო წლების განმავლობაში ძალიან თვალსაჩინო პროგრესი გვაქვს, რომელსაც აღიარებენ როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართული თავდაცვის ძალებიც. ისინი უბრალოდ ხედავენ, რამხელა პროგრესი განიცადა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქართულმა არმიამ და ეს არის პრიორიტეტული მიმართულება ჩვენთვის" - თქვა გახარიამ. 

გიორგი გახარიამ ქართველ დიპლომატებთან შეხვედრისას ასევე ისაუბრა, ოკუპაციასა და ტერიტორიულ მთლიანობაზე და თქვა, რომ გამოწვევებით სავსე მოფლიოში "დავიწყებას" არ უნდა მიეცეს საქართველოს ოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი.

"მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამ გამოწვევებით სავსე, არა დიპლომატიისთვის, არამედ საერთოდ, ადამიანის ქცევისთვის, სოციალური პოლიტიკური ცხოვრებისთვის აბსოლუტურად ახალ პირობებში, რამდენად შევძელით და შევინარჩუნეთ საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, პირველ რიგში, ოკუპაციის და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი საკმაოდ მაღალ დონეზე დედაქალაქებში. უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის ძირითადი გამოწვევა და მომავალშიც, ნებისმიერ გარემოში, რა გარემოშიც არ უნდა მოგვიწიოს ცხოვრება, მუშაობა, პოლიტიკის კეთება, ოკუპაცია და რა თქმა უნდა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა იქნება უმაღლესი ხარისხის პრიორიტეტი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გამოწვევებით სავსე მსოფლიოში, არავის მივცეთ შესაძლებლობა, დავიწყებას მიეცეს საქართველოს ნომერ პირველი გამოწვევა - ოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობა", - თქვა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ 20 ნოემბერს, შეიარაღებულმა პირებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარის მიმდებარე ტერიტორიიდან მირიან თაზიაშვილი გაიტაცეს. გენადი ბესტაევი ზარდიანთკარიდან 2019 წლის ნოემბერში გაიტაცეს. მისივე სახლს, გატაცების შემდეგ, მავთულხლართები შემოავლეს, მას ორწლიანი პატიმრობა შეუფარდეს. ზაზა გახელაძე სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიიდან ივლისში გაიტაცეს, გატაცებამდე კი ფეხში დაჭრეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი