
პრეზიდენტი ქართველ დიპლომატებს ინვესტიციების მოზიდვას ავალებს. სალომე ზურაბიშვილმა ელჩებს „ელჩების კონფერენცია 2020"-ის გახსნის ცერემონიაზე მიმართა და აღნიშნა, რომ ახლაც და პოსტპანდემიურ პერიოდშიც, მათი როლი ძალიან დიდია:
“თქვენ უნდა იყოთ იდეების მომწოდებლები. თქვენ იმ ქვეყნებში სადაც მოღვაწეობთ, იქ მიდის ეს ძალიან ვრცელი დისკუსია "think-tank"-ებში იქნება თუ სამთავრობო დონეზე, და ჩვენ უნდა ვიყოთ ამ გლობალური ფიქრის ნაწილი და უნდა ვიცოდეთ რაზე ფიქრობს და საით მიდის, ვიტყოდი, “ელიტა” მსოფლიოში.
თქვენ ასევე უნდა იყოთ ინვესტიციების მომზიდეველები, რადგან ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი, რამეთუ ახალ იდეებს, ახალ წამოწყებებს დაფინანსება სჭირდება. მითუმეტეს, რომ მსოფლიოში ინვესტიციების წყარო არ დამშრალა, და შეიძლება პირიქით და შეიძლება სწორედ კრიზისის გამო, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ინვესტორები ეძებენ ახალ საინვესტიციო იდეებს, ახალ ქვეყნებს, ახალ შესაძლებლობლებს. მათ გაჩერება არ შეუძლიათ და ჩვენც მზად უნდა ვიყოთ იმისთის, რომ ვიცოდეთ ზუსტად რა შევთავაზოთ", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
პრეზიდენტის თქმით, არ შეცვლილა მთავარი გამოწვევა- ოკუპირებული ტერიტორიები:
“პანდემიამ დაამძიმა ისედაც ძალიან მძიმე ადამიანური ვითარება. ჩვენი მოსახლეობა ქართველები თუ აფხაზები ვერ სარგებლობენ ელემენტარული ადამიანური უფლებებით: იდენტობა, ენა, თვითმყოფადობა დაუცველია. ზეწოლა ხორციელდება ყველა მიმართულებით, კერძოდ მიწების ოკუპანტზე გადაფორმების მცდელობით ან კიდევ საზღვრის გადაწევით, მაგალითად სოფელ აიბღასთან! - მიმართა ზურაბიშვილმა დიპლომატებს.
სალომე ზურაბიშვილის მიმართვას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.