ნიკა მელია თუ ლევან ვარშალომიძე - "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ასარჩევად Facebook-ით ხმის მიცემა მეორე დღეა, მიმდინარეობს.
ამ დროის მონაცემებით, 10 000 ხმიდან 6 000-ზე მეტი ამომრჩეველი ნიკა მელიას კანდიდატურას უჭერს მხარს, 3 000 კი ლევან ვარშალომიძეს.
"ქართულ პოლიტიკაში ასეთი რამ არ ყოფილა, რომ ამდენად მრავალფეროვანი და მასშტაბური ყოფილიყოს პარტიის თავმჯდომარის არჩევა. ჯერ 24 საათიც არ არის გასული და უკვე 10 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მიმდინარეობს გაფილტვრა, რომ არ მოხვდნენ შერჩევის პროცესში ე.წ. ბოტები და ტროლები, მათი ამოცნობა ძალიან მარტივად შეიძლება", - ამბობს პარტიის წევრი, ზაალ უდუმაშვილი.
ხმის მიცემა 25 დეკემბრის 21:00 საათამდე გაგრძელდება.
თუ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება გსურთ, როგორც "ენმ" Facebook-ზე წერს - უნდა გადახვიდეთ ამ ბმულზე.
შეგახსენებთ, რომ "ენმ"-ის თავმჯდომარის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გრიგოლ ვაშაძემ "ნაციონალური მოძრაობა" და მის მიერ დაკავებული ყველა პარტიული თანამდებობა 15 დეკემბერს დატოვა.