საქართველოს იზოლირებულ ზონებთან ვითარება უცვლელია. მარნეულის შესასვლელთან ჯარი და პოლიცია დგას და უსაფრთხოებას იცავენ. მეოთხე დღეა მარნეული–ბოლნისის მუნიციპალიტეტებში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.
დღეს საკარანტინო ზონასთან იმყოფებოდა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი. მან თავდაცვის ძალების შტაბში ჯარისკაცები მოინახულა, რომლებიც უკვე მეოთხე დღეა, საკარანტინო ზომების დაცვას უზრუნველყოფენ.
ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე ხელისუფლება არ გეგმავს ზომების კიდევ უფრო გამკაცრებას, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში არ არის გამორიცხული, რომ უფრო გაიზარდოს შეზღუდვები.
მთავრობას აქვს რამდენიმე სცენართან დაკავშირებით მოქმედების გეგმა და შესაბამისი პრპოტოკოლებით მოქმედებენ და მათ შორის, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობამ გამაცნო ის პროტოკოლები, რა წინასწარი მოქმედების გეგმები აქვთ. ამ შემთხვევაში ჩვენ პროცესისდა მიხედვით ვიღებთ სწრაფ გადაწყვეტილებებს, რომ მოვახდინოთ სიტუაციის ნორმალიზაცია“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
სურსათის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის თქმით, დეზინფექცია მარნეულსა და ბოლნისში გრძელდება და ამ, ეტაპზე არ არის საჭირო დამატებითი ტექნიკის შეყვანა.
მარნეულის მერმა სწრაფ ტესტებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დილის მონაცემებით, არ დაუდასტურდა არცერთ მოქალაქეს ახალი კორონავირუსი. რაც შეეხება ბანკებთან რიგებს, მისი თქმით, დისტანციის დაჭერას სპეციალური ორგანოები უზრუნველყოფენ.