მომპატიჟებელიც და მასპინძელიც ცნობილია - ვის შეხვდა და ვინ გააცილა შევჩენკო

გამოქვეყნდა:

რუსი პროპაგანდისტის ერთ-ერთი მასპინძელი, დიადი სტალინელების უკანასკნელი მოჰიკანი გრიშა ონიანი იყო. დავინტერესდით, რა იყო მათი საუბრის თემა, ამიტომ შეკითხვების მთავარ ადრესატს დავუკავშირდით. ბატონმა ონიანმა ტრადიციას არც ამჯერად უღალატა, ბილწსიტყვაობაც არ დაიშურა და დიალოგის დასრულებაც ოკუპანტის ენაზე არჩია.

რუსი ჟურნალისტის საქართველოში მომპატიჟებელი კი გულბაათ რცხილაძე აღმოჩნდა. პრორუსული ფრთის ლიდერი საქართველოში, რომელიც გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოკალათებით მოიხიბლა, საზოგადოების სამართლიანი პროტესტით კი განაწყენდა, მთავარი არხის კითხვებს გაექცა. არ ამბობს, მაქსიმ შევჩენკო ქვეყანაში ვინ მოიწვია, მაგრამ არ უარყოფს, რომ ნახა და, სავარაუდოდ, რუსი პროპაგანდისტის საიდუმლო შეხვედრებშიც მონაწილეობდა.

თუმცა მთავარი ინტრიგა ის არის, ვის შეხვდა რუსი ჟურნალისტი. მაქსიმ შევჩენკო საჯაროდ ადასტურებს, რომ ქართულ ოცნებაში მეგობრები ჰყავს და მათ უმაღლეს დონეზე ეკონტაქტა. ეს ფაქტი ქართული ოცნებისთვის ერთადერთი უხერხულობა არ აღმოჩნდა. მაქსიმ შევჩენკოს საჯარო აღიარებამ რომ ქვეყანაში არა ბიზნესაკრედიტაციით არამედ ხელისუფლების მოწვევით ჩამოვიდა, მმართველი გუნდი ტყუილში ამხილა. ქართული ოცნება დღეს რუსი ჟურნალისტის საქართველოში შემოსვლას ბიზნეს ვიზით ხსნიდა. გუშინდელი დუმილისგან გამოწვეული უხერხულობის გასანეიტრალებლად, მმართველი გუნდის სპიკერობა დღეს ბექა დავითულიანმა შეითავსა, თუმცა თავის მართლების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

ქართული ოცნების რუსული პოლიტიკა - ასეთია ოპოზიციის პოზიცია. პოლიტიკოსებს არ უკვირთ, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის ჩაკეტილი საზღვრები მაქსიმ შევჩენკოსთვის საგანგებოდ გახსნა.

განჯიდან საქართველოში შემოსასვლელად მწვანე შუქი რუს პროპაგანდისტს ქართველმა პოლიტიკოსებმა აუნთეს. ვიდეომიმართვაში მაქსიმ შევჩენკო ყვება, რომ სურვილის გამოთქმიდან მალევე, თბილისში ჩამოვიდა, კარანტინის და ყველა შეზღუდვის გვერდის ავლით.

ხელისუფლება ორდღიანი დუმილის შემდეგ ირწმუნებოდა, რომ რუსი ჟურნალისტი პუტინს გმობს და საქართველო უყვარს, თუმცა საქართველოს მიმართ საჯარო სიმპატია მაქსიმ შევჩენკოს მხრიდან ვერსად ვიპოვეთ. თუმცა წავიკითხეთ, თუ როგორ უხდის მადლობას პანდემიის დროს საპატიო მასპინძლობისთვის ქართულ ოცნებას. 

ავტორი: დეა მამისეიშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი