
ირმა ზავრადაშვილისგან განსხვავებით განათლების სფეროს სპეციალისტებმა არ იციან, თუ რა გააკეთა მიხეილ ჩხენკელმა, სამაგიეროდ, ზუსტად იციან, თუ რისი გაკეთება ვერ შეძლო თანამდებობაზე ორჯერ დანიშნულმა მინისტრმა. ნინო კვიტაიშვილი განათლების სამინისტროს ბოლო დროის ყველაზე დიდ ჩავარდნად პანდემიის პირობებში ათასობისათვის ბავშვის განათლების გარეშე დატოვებას მიიჩნევს.
განსხვავებულია ქართული ოცნების დეპუტატების პოზიცია, გიორგი ამილახვარი დისტრანციური სწავლების პროცესს, იმდენად უწყვეტად და უხარვეზოდ მიიჩნევს, რომ განათლების მინისტრს დაგროვილ გამოცდილებაზე დაყრდნობით ინოვაციური საგანმანათლებლო ჰაბის შექმნას სთავაზობს.
დეპუტატმა ამილახვარმა ალბათ არ იცის, რომ ამ დრომდე არავის დაუთვლია, რამდენი ბავშვია ქვეყანაში ინტერნეტისა და კომპუტერის გარეშე, ვინც ონლაინ სწავლაში ვერ ჩაერთო. სამინისტროს მათ დასახმარებლად არაფერი გაუკეთებია. ზედაპირული მონაცემებით, ასეთი მოსაწავლეები საერთო ჯამის 15 პროცენტზე მეტია. ქართული ოცნების წევრების წარმოდგენა რეალურ სიტუაციას კიდევ ერთხელ რომ აცდა, ამას მოწმობს თავად სტუდენტების პოზიციაც, როგორც თავად აცხადებენ, განათლების სისტემა გამოწვევას თავიდანვე მოუმზადებელი შეხვდა და იმ ტექნიკურ პრობლემებზე საუბრობენ, რომელთა გადალახვაც ყოველდღიურად უწევთ.
გარდა ონლაინ-სწავლების სისტემისა, განათლების მინისტრი 2020 წელს განხორციელებული კიდევ ერთი პროექტით ამაყობს, მიხეილ ჩხენკელი ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს უმაღლესი განათლების მთავარ მეგაპროექტად, ხოლო მის დასაარსებლად გაღებულ 1 მილიარდ ევროს ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებულ ღვაწლად მიიჩნევს.
ქუთაისის უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე სრულებით განსხვავებული მოსაზრება აქვთ ექსპერტებს. მარიამ რამინაშვილის აზრით განათლების მინისტრი პარალელური სამყაროდან გვესაუბრება, რეალურად კი ქუთაისის უნივერსიტეტი ერთი კონკრეტული პირის პროექტია და ის განათლების სამინისტროს დამსახურებად უბრალოდ ვერ ჩაითვლება.
როგორც აღმოჩნდა პარალელურ სამყაროში მხოლოდ მიხეილ ჩხენკელი არ ცხოვრობს. დღევანდელი კომიტეტის სხდომიდან გაირკვა მხოლოდ ის, რომ უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში განათლების სფეროში სიახლეს არ უნდა ველოდოთ, რადგან დამსწრეთაგან არავის უსაუბრია სისტემის შეცვლის რეალურ აუცილებლობაზე, სამაგიეროდ არ დავიწყებიათ ფიზ.კულტურა და მუსიკალური აღზრდა...
ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი