"პატრიოტთა ალიანსის" მე-4 ნომერი, ავთანდილ ენუქიძე "მთავარ არხთან" საუბრისას ადასტურებს, რომ ის პარლამენტში შესვლას აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ პარტიამ პარლამენტს საარჩევნო სიის ჩახსნის მოთხოვნით 2 დღის წინ უკვე მიმართა.
"მთავარი არხის ჟურნალისტებს არ ველაპარაკები, ასეთი გადაწყვეტილება მაქვს, ხომ მაქვს უფლება. არ მინდა მთავარი არხის ჟურნალისტებს ველაპარაკო. მარტივი კითხვა მაქვს, რატომ მაწუხებთ?!" - თქვა ავთანდილ ენუქიძემ.
გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო პარტიისთვის, სადაც ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა. ენუქიძის გადაწყვეტილება გუნდში ახსნეს იმით, რომ როგორც ჩანს ყველგან არსებობს პოლიტიკური და ბიზნეს განყოფილება, ენუქიძე კი, რომელიც დეკლარილებული მილიონერია, ბიზნესმა გადაწონა.
"მე, ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია, გოჩა თევდორაძე, არ შევდივართ პარლამენტში, ანუ პარტიის პოლიტიკური შემადგენელი არ შედის მე-10 მოწვევის პარლამენტში, რაც შეეხება მეორე ნაწილს, მოგეხსენებათ, ყველა პარტიაში არის ბიზნეს შემადგენელი, ბატონი ავთო წლების მანძილზე ჩვენი პარტიის მხარდამჭერი და შემომწირველია, ის აფინანსებდა არჩევნებს, შესაბამისად ის თავისუფალია ქმედებებში", - თქვა ირმა ინაშვილმა.
ინაშვილი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა და პარტია ახალი არჩევნების დანიშვნას უჭერს მხარს.
ოპოზიციას არ გაჰკვირვებია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ცალკეული ბიზნესმენი შეთავაზებით მოხიბლა, თუმცა მათი თქმით პარლამენტში 1-2 ოპოზიციონერის შესვლა საერთო სურათს ვერ შეცვლის. "ქართულ ოცნებაში" უარყოფენ, რომ ავთანდილ ენუქიძესთან მათ რაიმე მოლაპარაკება ჰქონდათ.
ავტორი: დეა მამისეიშვილი.