
„ქართული ოცნების“ ჩრდილოვანმა კაბინეტმა პოლიტიკური დალაგება დაიწყო. მრგვალმა მაგიდამ შედეგი ვერ დადო, ინდივიდუალურმა შეხვედრებმა კი, პარლამენტის დაფაზე, პირველი პაიკი გაათამაშა. პირველი განცხადებაც ოპოზიციაში გაკეთდა და მოულოდნელიც არაფერი ყოფილა.
ქართული ოცნების მხრიდან ფარული გარიგების გაფორმებისას, სამიზნე მხოლოდ სტრატეგია აღმაშენებელი არ ყოფილა. ირკვევა, რომ ხელისუფლება პარტიებთან მივიდა და პარლამენტში შესვლა ზოგს სთხოვა, ზოგს კი მოსთხოვა.
თაკო ჩარკვიანის საჯარო განცხადებამ ერთპარტიული პარლამენტის წევრების ნაწილი გააკვირვა, ნაწილიც კი გაამხიარულა. მმართველი გუნდის ახალ სახეებს სტაჟიანი მეოცნებეების სჯერათ, ამტკიცებენ, რომ ხელისუფლება არავის მოსყიდვას და შანტაჟს არ ცდილობს.
ავთო ენუქიძის მრავალწლიანი ოცნება, დაბრძანებულიყო საკანონმდებლო ორგანოში, უკვე ასრულებულია. რის ფასად, ეს უკვე ნაკლებმნიშვნელოვანია, რადგან „პატრიოტთა ალიანსის“ ერთობაში პირველი სუსტი რგოლი ისე აღმოჩნდა ივანიშვილის სათამაშო მოედანზე, რომ თანაგუნდელები საქმის კურსში არც კი ჩაუყენებია.
პატრიოტთა ალიანსის წევრს პოლიტიკაში ჩართვამდე საკუთარი ბიზნესი ჰქონდა. მანამდე კი ედუარდ შევარდნაძის დროს ის პოლიციაში მუშაობდა.
ახლა პარტიული სიის 132 წევრიდან პოზიცია მხოლოდ ენუქიძემ გადათქვა. მის გამო თავის მართლება დღეს გუნდის ლიდერებს მოუწიათ. პატრიოტთა ალიანსში საგანგებო ბრიფინგზე ისევ დაადასტურეს, რომ ერთი გამონაკლისის გარდა, საპარლამენტო მანდატს ყველა თმობს და ბოიკოტს განაგრძობენ.
თანაგუნდელის გასამართლებლად პარტიის ოფისში ისიც ითქვა, რომ ენუქიძემ ბიზნესის კეთება უკეთ იცის, ვიდრე პოლიტიკის, თუმცა არგუმენტი, რომ ის ბიზნესჯგუფს წარმოადგენს და არჩევანში თავისუფალია, პოლიტიკური და პარტიული სოლიდარობის ფონზე, პატრიოტთა ალიანსს უხერხულ მდგომარეობაში მაინც აგდებს.
თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტორს, რომ ენუქიძე პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველი და ერთგვარი „პარტიული ხაზინადარი“ იყო, ლოგიკური ვარაუდია, რომ წლების განმავლობაში ჩადებულ ინვესტიციას, პარლამენტში შესვლითა და საკუთარი ბიზნესინტერესების ლობირებით, ახლა დივიდენდების სახით უკან დაიბრუნებს. ქართულ ჯიგრულ პონტში, ყველამ იცის, რომ ვალს გადახდა უნდა.
ავტორი: დეა მამისეიშვილი