ქართული ოცნების ახალი სახე, ვასილ ჩიგოგიძე ივანიშვილის გუნდის მილიონერი წევრია. სამთავრობო პროგრამაზე დასმულ კითხვას მოუმზადებელი შეხვდა, გაღიზიანდა და თავდაცვის მექანიზმი აამუშავა.
ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში მინისტრთა უცვლელი კაბინეტის და სამთავრობო პროგრამის დასამტკიცებლად დილიდანვე შეიკრიბნენ, თუმცა ერთი კვირის დამუშავებული პროგრამის უმეტესობა მათგანს არც სახელი ახსოვდა და არც ის, თუ რას სთავაზობს მათივე ერთხმად არჩეული მთავრობა საქართველოს მოსახლეობას.
2021-2024 წლის სამთავრობო პროგრამის სახელწოდება ზუსტად არ ახსოვთ, თუმცა მაინც სესიის დარბაზში დღეს ბიძინა ივანიშვილის გუნდის სრული ანშლაგი იყო.
სხდომათა დარბაზში ბოიკოტის გამო არ იმყოფებოდა ოპოზიცია. მათი სავარძლები დღეს ტრადიციულად ცარიელი იყო. გიორგი გახარია მისივე გუნდის დეპუტატებს სამომავლო გეგმების შესახებ ნახევარი საათის განმავლობაში ესაუბრა. ამის შემდეგ კი ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატებმა კითხვების დასმა დაიწყეს.
პარლამენტის სხდომათა დარბაზში დღეს უმრავლესობას სურდა შეექმნა ილუზია, რომ ოპოზიციის გარეშეც მათ მწვავე და კრიტიკული კითხვების დასმა შეუძლიათ და ერთპარტიული პარლამენტის პირობებშიც შეძლებენ მთავრობის ეფექტური მაკონტროლებლები იყვნენ.
უპრეცედენტოდ მწვავე და კრიტიკული კითხვების შემდეგ ტრიბუნასთან კომიტეტების თავმჯდომარეების სიტყვით გამოსვლა დაიწყო. ერთერთმა პირველმა შეკრებილებს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიმართა.
საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებმა სხდომათა დარბაზში დღეს ბევრი ისაუბრეს, იმსჯელეს და ბოლოს ერთპარტიულად გადაწყვიტეს, რომ უცვლელი მინისტრთა კაბინეტი და კარგად ნაცნობი სამთავრობო პროგრამა მომდევნო 4 წლის განმავლობაში ქვეყნის ხსნის ერთადერთი გზაა. 85 მომხრე არც ერთი წინააღმდეგი - მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას ყველამ ერთხმად დაუჭირა მხარი.