პროტესტი პარლამენტთან-ივანიშვილის დეპუტატებსა და მინისტრებს სირცხვილის დერეფნებში გავლა დღესაც მოუწიათ

გამოქვეყნდა:

მეათე მოწვევის გალურჯებულ პარლამენტს, დღეს წითელი აუნთეს. აქტივისტებმა მეოცნებე დეპუტატებს საბჭოთა რეჟიმი შეახსენეს.

საკანონმდებლო ორგანოში შესასვლელად ქართულმა ოცნებამ დღესაც ნაცად ხერხს მიმართა - აქციის მონაწილეები სამართალდამცველთა ცოცხალ ჯაჭვში მოაქცია, თუმცა პროტესტის ხმა პარლამენტში ყველა შემსვლელს მაინც მისწვდა.

შეძახილები, საყვირები, ფერადი კვამლი და სირცხვილის დერეფნები - სწორედ ამ ფონზე შედიოდნენ საკანონმდებლო ორგანოში ჯერ კიდევ ნდობაგამოუცხადებელი მინისტრები. 

დღეს ყველაზე მხიარული, გაღიმებული და შორიდან სალმიანი, მაინც შს მინისტრი იყო. ვახტანგ გომელაური ახლოდან იმ პოლიციელებს უყურებდა, რომლებსაც კორდონში კორიდორის გაკეთება ყველაზე კარგად გამოსდით.

ჭიჭინაძის ქუჩიდან სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან გადაინაცვლეს, სადაც ორ კარავს დღეს კიდევ ერთი დაემატა. აქციის ორგანიზატორებს უკვე სამომავლო გეგმაც აქვთ- პროტესტის მასშტაბი გაიზრდება და ის დედაქალაქთან ერთად, ყველა რეგიონს მოიცავს.

ვიდრე ქართული ოცნება საკუთარ მინისტრებს ნდობას უცხადებდა, პარლამენტთან პოლიტპატიმრების მეუღლეები შეიკრიბნენ. მათ შორის, "მთავარი არხის" დამფუძნებლის მეუღლე, სოფო სიხარულიძეც იყო. 

მოლოდინი არ აქვს, თუმცა უნდა სჯეროდეს, რომ ხელისუფლება რეპრესიულ პოლიტიკას დაასრულებს და გიორგი რურუა საპატიმროს დატოვებს.

აქციაზე საკუთარი სურვილები გისოსებს მიღმა დარჩენილებს, აკაკი კობალაძემ და აკაკი ხუსკივაძემაც გაუგზავნეს. ისნის საოლქო კომისიის საქმის ფიგურანტების გარდა, პარლამენტთან ივერ მელაშვილის მეუღლეც მივიდა და ხელისუფლებას შეახსენა, რომ მის ქმარს სახელმწიფოსთვის არ უღალატია.

ის, რომ დაკავებულების მიმართ მიმდინარე საქმეებს არა სამართლებრივი არამედ პოლიტიკური ქვეტექსტი აქვს, ოპოზიციაც იმეორებს. პოლიტიკოსებს არ უკვირთ, რომ ხელისუფლება მათთვის არასასურველ ადამიანებს დევნის.

საპარლამენტო სხდომების პარალელურად აქციებიც გაგრძელდება. როდის და რა ფორმით და როგორი მასშტაბით - ეს უკვე ქართული ოცნების პოლიტიკურ ლაბირინთებზეა დამოკიდებული. 

ავტორი: დეა მამისეიშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი