"სახელმწიფოს არ აინტერესებს ჩემი თვალი, ალბათ იმიტომ რომ ოლიგარქის შვილი არ ვარ" - პროკურატურის შერჩევითი სამართალი

გამოქვეყნდა:

გიორგი სულაშვილი, რომელმაც 20 ივნისს სისხლიან აქციაზე თვალი დაკარგა და უმძიმესი ტრავმებით ახლაც საზღვარგარეთ მკურნალობს, ერთ ერთია იმ ათეულობით დაშავებულ მოქალაქეს შორის, რომელსაც სახელმწიფო დაზარალებულად არ მიიჩნევს. სულაშვილი დარწმუნებულია, რომ სახელმწიფოს ამის პოლიტიკური ნება არ აქვს და საკუთარ დანაშაულს მალავს.

პროკურატურამ 5 თვის შემდეგ დაზარალებულად სცნო მაკო გომური. გომური ამბობს, რომ ხელისუფლება ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანს მიანიჭოს დაზარალებულის სტატუსი, იმისთვის, რომ საკუთარი თანამშრომლების დანაშაული დამალოს და პასუხისმგებლობა აარიდოს. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, სადაც 20 ივნისს დაზარალებულების უფლებებს იცავენ მთავარ პროკურორს ტყუილში ადანაშაულებენ. ორი კვირის წინ შალვა თადუმაძე ამტკიცებდა, რომ მაკო გომურისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაში ხელს ხარვეზიანი კანონი უშლიდათ, თუმცა გუშინ გადაწყვეტილება ისე შეცვალეს, რომ კანონში არანაირი ცვლილება არ შესულა. სწორედ ამიტომ მესამე სექტორში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ასე ცდილობდა უფლებადამცველები საქმის მასალებამდე არ მიეშვა. მას შემდეგ კი რაც პროკურატურის უმოქმედობას საზოგადოების უმწვავესი რეაქცია მოყვა იძულებულები გახდნენ უკან დაეხიათ. 

გამოძიების უმოქმედობაზე საუბრობს ცენტრ ემპათიას ხელმძღვანელი, რომელიც 20 ივნისის დაზარალებულებს დახმარებას პირველივე დღიდან უწევს. მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ პროკურატურა დაზრალებულის სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელ ექსპერტიზებს მიზანმიმართულად არ ატარებს და დაზარალებულების  გაჩუმებას დაშინების და მოსყიდვის გზით ცდილობს. 

20 ივნისის შემდეგ სულ მალე პროკურატურამ 67 სამართალდამცავს და მხოლოდ 4 მოქალაქეს მიანიჭა დაზარალებულის სტატუსი. ოპოზიციაში ამას შერჩევით სამართალს უწოდებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლება უმძიმეს დანაშაულებების გადაბრალებას აქციის მშვიდობიან მოქალაქეებზე ცდილობს. პროკურატურის გადაწყვეტილებას დაგვიანებულად მიიჩნევენ მმართველ გუნდში და მათ იძულებით ნაბიჯს დღეს მაინც აქებდნენ. 

20 ივნისის მოვლენებს ოფიციალურად 74 დაზარალებული ჰყავს. რა ბედი ეწევათ დასახიჩრებულ, თუმცა უსტატუსოდ დარჩენილ ადამიანებს  ჯერ უცნობია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი