დენი ძვირდება - ერთი კილოვატის საფასური, საშუალოდ, 10 თეთრით გაიზრდება

გამოქვეყნდა:

უახლოეს დღეებში "სემეკი" ელექტროენერგიის გაძვირების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს. ერთი კილოვატის საფასური საშუალოდ 10 თეთრით გაიზრდება. ეკონომისტები და ენერგეტიკოსები ამბობენ, რომ ეს არ არის ზღვარი და, სამწუხაროდ, საქართველო სულ უფრო სწრაფად უახლოვდება ბნელ 90-იანებს.

ტარიფის მატების მიზეზად ისინი "ქართული ოცნების" ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას ასახელებენ. გაუფასურებული ლარის პირობებში, ენერგოკომპანიები ვეღარ ახერხებენ ელექტროენერგიის ღირებულების შენარჩუნებას და ფასის ზრდა დარგის გადარჩენის ერთადერთ შესაძლებლობად იქცა - თუმცა, ეს კვლავ ხალხისა და კერძო კომპანიების ხარჯზე ხდება.

მომდევნო წლიდან ელექტროენერგიის საფასურის 8-დან 11 თეთრამდე მატებას ენერგოექსპერტები აანონსებენ და ამბობენ, რომ ფასის ზრდა, პირველ რიგში, იურიდიულ პირებს შეეხებათ.

ენერგეტიკოსების პროგნოზით, თუ დენის ტარიფი არ მოიმატებს, მაშინ, ენერგოკომპანიები გაკოტრების პირას აღმოჩნდებიან. მიზეზი კი, რის გამოც, ფასის გადახედვა უნდა მოხდეს, გაუფასურებული ლარი და გაზრდილი საგარეო ვალია. კიდევ ერთი ვერსიით, ქვეყანას ენერგოდეფიციტი და კვლავ 90-იანი წლების მსგავს სიტუაციაში ყოფნა ელის. 

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ დენის ტარიფის ზრდის პარალელურად, მოიმატებს ფასი ყველა მომსახურებასა და პროდუქტზეც, რაც პანდემიის პირობებში გაუმართლებელია.

მოსახლეობა, რომელსაც  პანდემიის პირობებში ისედაც მეტად გაუჭირდა, ამბობს, რომ გაზრდილ ტარიფებსა და პროდუქტებზე მომატებულ ფასს ვეღარ გაუმკლავდება. "ქართულ ოცნებაში" კი, მოსახლეობის ნეგატიური განწყობების მიუხედავად, ამბობენ, რომ მთელ მსოფლიოში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა და ამ შემთხვევაში, სიღარიბე საქართველოსთვის ჩვეულებრივი ამბავია.

რამდენი თეთრით გაიზრდება ელექტროენერგიის საფასური და ვის შეეხება, ამაზე "სემეკმა" უნდა იმსჯელოს. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ახალ ტარიფზე გადაწყვეტილებას დეკემბრის ბოლომდე უნდა მიიღოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი