სერგეი შამბამ, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ ქართულ მედიასთან ურთიერთობას ერიდებოდა, დღეს "მთავარის" შეკითხვებს უპასუხა და კიდევ ერთხელს დაადასტურა, რომ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმი თბილისთან პირდაპირი დიალოგითვის მზად არის.
იმის მიუხედავად, რომ ორივე მხარეს აქვს თვისი წითელი ხაზები, შამბა - აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის უშიშროების საბჭოს მდივანი წინადადებით გამოდის, დიალოგი განახლდეს, რადგან არსებობს ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხები, რომელიც სწორედ პირისპირ საუბრით უნდა მოგვარდეს.
ჩვენ წინასწარ მომზადებული წინადადებები არ გვაქვს, უბრალოდ არაერთხელ ვთქვით, რომ მზად ვართ სალაპარაკოდ, - ამბობს სერგეი შამბა.
შეკითხვაზე ორივე მხარის შიშის შესახებ, რომ ეს პირდაპირი დიალოგი ჟენევის ფორმატს დააზიანებს, შამბა პასუხობს, რომ ასე არ ფიქრობს
მე არ ვფიქრობ, რომ ეს ჟენევის მოლაპარაკებებს დააზიანებს, რაც მეტი საკონტაქტო არხი იქნება, უკეთესია და ზოგადად, უკეთესია ვისაუბროთ, ვიდრე ვიომოთ, - ამბობს დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი.
"მთავარის" შეკითხვაზე, დაუკავშირდნენ თუ არა თბილისიდან, სერგეი შამბა უარყოფითად პასუხობს, თუმცა, თბილისმა ამ წინადადებას უკვე უპასუხა. საქართველოს დედაქალაქში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე რაიმე ტიპის პირდაპირ დიალოგს აფხაზურ მხარესთან არ გეგმავს და მსგავსი დიალოგი ვერ წარმოუდგენია. როგორც ჩანს, ეს ჟენევის ფორმატის დაკარგვის შიშითაა გამოწვეული.
ანალიტიკოსები და პოლიტიკოსები, ექსპერტები მიუთითებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველა მსგავსი შანსი უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ დიალოგი შედგეს.
შეგახსენებთ, შამბა ვლადისლავ არძინბას მიერ დაკომპლექტებულ ე.წ. მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ის მოლაპარაკებებზე თბილისშიცაა ნამყოფი, ისევე, როგორც ვლადისლავ არძინბა.
1995 წელს საქართველოს დედაქალაქში არძინბა ედუარდ შევარდნაძეს შეხვდა. მაშინ "როიტერმა" ამ შეხვედრის ფოტო გამოაქვეყნა, მასზე კუშტად მომზირალი არძინბა და არანაკლებ მოღუშული შევარდნაძე იყვნენ გამოსახული, ხოლო ფოტო ასე იყო დასათაურებული: "მათ გაღიმება უჭირთ".