88 წლის დათა პაპას ოკუპანტები და ორმხრივი პნევმონია ერთობლივად უტევენ, მაგრამ ვერ აჩოქებენ

გამოქვეყნდა:

დათა პაპას მთელი საქართველო იცნობს. მარტო საქართველო კი, არა მთელი მსოფლიო იცნობს და ყველაზე უკეთ მის შესახებ ოკუპანტებმა იციან. ქართველებზე მეტად ალბათ რუსებს სჯერათ დათა პაპას ერთგულებისა და სამშობლოს სიყვარულის. ყოველდღე ხედავენ მის თავდადებასა და ღირსებას. იციან, საქართველოზე შეყვარებულ ამ კაცს ვერასდროს გატეხენ და ვერ აიძულებენ სამშობლოზე უარის თქმას.

88 წლის დათა ვანიშვილი ოკუპანტებს სულ თვალში ეჩხირება. სულ აწუხებს და ყველა ქართველის ნაცვლად სისხლს უშრობს იმ შეიარაღებულ კაცებს, მის ეზოში, რომ წლებია დაბოგინობენ. 8 წელია სიტყვით და უბრალოდ საკუთარ სახლში ცხოვრებით მუდმივ დისკომფორტში ამყოფებს რუსის ჯარს. გულის სიღრმეში, ალბათ, ის ჯარისკაცებიც პატივს სცემენ. ასეთი კაცს ხომ ხშირად ვერ შეხვები და როგორ გაგვიმართლა არა ეს კაცი ქართველი რომაა. ჩვენი ქვეყნის ერთიანობის სიმბოლო რომაა.

მავთუხლართები დათა პაპას მიწას ორად ყოფს. სახლი იქით არის, ეზო აქეთ. 2012 წელს, როდესაც რუსები ამ რკინის ჯებირს აშენებდნენ დათა ვანიშვილს და მის მეუღლეს შეეძლოთ სახლ-კარი დაეტოვებინათ და ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე შვილებთან ეცხოვრათ, არ მიატოვეს, არ წამოვიდნენ. 8 წელია უკიდურეს გაჭირვებაში,მაგრამ ამაყად საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიას იცავენ. 

დათა ვანიშვილი ახლა ძალიან ცუდად არის. თვეზე მეტია ლოგინიდან ვერ დგება. ფილტვების ანთება აქვს და დახმარება სჭირდება. რუსები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არ უშვებენ. აქედანაც ვერავინ მიდის. იშვიათად, რამდენიმე ძალოვან უწყებასთან შეთანხმებით მავთუხლართებთან საკვებს თუ მიაწვდის ვინმე. 

ჯერ კიდევ ერთი წლის ოჯახის წევრებს მაინც უშვებდნენ მავთუხლართებამდე, ახლა აღარ. არავინ იცის რატომ აკრძალეს გადაადგილება. დათა პაპას ურთიერთობა ქართველებთან და იქ ჩასულ უცხოელ სტუმრებთან რუსებს ყოველთვის აწუხებდათ, ყველა შეხვედრის შემდეგ ოკუპანტები აფრთხილებდნენ, რომ არავისთან ესაუბრა და რა საშინელებაა, როდესაც იაზრებ, რომ შეიძლება რუსების მოთხოვნის გათვალისწინების გამო ვეღარ ნახულობენ, მავთუხლართებშიც კი, შვილები და შვილშვილები ამ ადამიანებს. 

თითქოს ყველამ დაივიწყა. თითქოს აღარავის ახსოვს ვანიშვილების არსებობის შესახებ. წლების განმავლობაში დათა პაპას ხშირად ჰყავდა სტუმრები. უკრაინის, სლოვაკეთის, ლატვიის პრეზიდენტები, ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები, სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, ევროპელი დიპლომატები - ეს იმ ადამინთა მცირე ჩამონათვალია, რომელიც დათა პაპას მოსანახულებლად საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. ამ ვიზიტების უმრავლესობა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის ინიციატივით შედგა. გიორგი მარგველაშვილს დათა პაპა არასდროს ავიწყდება. 

ვის არ იცნობს ეს კაცი, ვის არ ჰქონია პატივი მისთვის ხელის ჩამორთმევის, მაგრამ, გაგიკვირდებათ და დათა პაპა არ იცნობს საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, არც პრემიერს და მისი კაბინეტის რომელიმე წევრს. მასთან მისვლა არავის ვადებულება არ არის, მაგრამ საქართველოს მთავრობის ყველა წევრი ვალდებულია ამ კაცზე იზრუნონ და დაეხმარონ, საკვებით მაინც. 

დათა პაპას არცერთი არჩევნები არ გამოუტოვებია. ყოველთვის იპარებოდა ამ რკინის ჯებირებში და ყოველთვის აძლევდა ხმას მისი რწმენით უკეთესი, გაერთიანებული საქართველოს წინსვლას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი