ხელჩართული ჩხუბი "ქართული ოცნების" დეპუტატებს შორის - ერთმანეთს ოქრიაშვილი და ბუკია დაუპირისპირდნენ

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. კულუარული ინფორმაციით, ხელჩართული დაპირისპირება დეპუტატებს ოთახში, კახა ოქრიაშვილსა და გიგა ბუკიას შორის მოხდა და ისინი მამუკა მდინარაძემ გააშველა.

ოქრიაშვილი ადასტურებს, რომ ბუკიასთან ხმამაღალი საუბარი იყო, თუმცა მისივე თქმით, ფიზიკურ დაპირისპირებამდე საქმე არ მისულა. დაპირისპირების მიზეზი კი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო, რომელსაც ოქრიაშვილი ეწინააღმდეგება.  ბუკიას ამ დაპირისპირებაზე განცხადება არ გაუკეთებია. კახა ოქრიაშვილის თქმით, პროცესების უკან ბიძინა ივანიშვილი არ დგას და პირიქით, ის "დეპუტატებს ტუქსავს" იმისთვის, რომ პროპორციულ სისტემას დაუჭირონ მხარი: 

"ჩვენ შორის იყო დისკუსია, რომელიც რაღაც მომენტში მაღალ ტონალობაში გადავიდა. ეს იყო და ეს. საუბარი ეხებოდა პროპორციულ სისტემას.

მე მსურდა დღეს ყოფილიყო კენჭისყრა, სადაც ვიწროა იქ გაწყვეტილიყო. აშკარაა რომ 30 ადამიანზე მეტი არ უჭერს მხარს ამ მოძველებულ სისტემაზე გადასვლას...

მან დატუქსა დილით რამდენიმე ჩემი კოლეგა და მე ვფიქრობ, რომ იმიტომ გადაიდო კენჭისყრა, რომ კიდევ დატუქსონ, დატუქსვის რეჟიმში არიან გადასული" აცხადებს ოქრიაშვილი.

"ფიზიკურ დაპირისპირებას ვერ დავარქმევდი. იყო კამათი, გაცხოველებული დაპირისპირება. თემა არის რთული, მძიმე და ძალიან მნიშვნელოვანი და შესაბამისად შესაძლებელია დიდი იყოს დუღილის ტემპერატურაც" განაცხადა ირაკლი ბერაიამ

შეგახსენებთ, რომ კენჭისყრა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას გულისხმობს, დღეს კიდევ ერთხელ გადაიდო. უმრავლესობამ პროცესის ხვალისთვის გადადება ითხოვა. ხვალ დილით ბიძინა ივანიშვილთან, უმრავლესობის სხდომაა დაგეგმილი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი